ვლადიმერ პოზნერი: მე საპატიო კახელიც ვარ და, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში, კვერცხის სროლის მოყვარულები ყველა ქვეყანაში არსებობენ

რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა თბილისში 31 მარტის და პირველი აპრილის ღამეს მომხდარ ინციდენტზე, პირველად, ვრცლად  ისაუბრა

როგორც პროზნერმა pozneronline.ru -ზე დაწერა, თბილისში სასტუმროსთან, ასევე, რესტორანთან, “კვერცხების სროლის მოყვარულები” შეიკრიბნენ, რომლებსაც ამ საქმიანობისთვის ფულსაც უხდიან.

„მსურს, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც დაბადების დღე მომილოცა. ძალიან ბევრი მილოცვა მივიღე, პირდაპირ ვიტყვი, მოულოდნელი იყო და ყველას სათითაოდ მადლობა ვერ ვუთხარი. მინდა, ეს ახლა გავაკეთო.

ასევე მინდა, მადლობა ვუთხრა მათ, ვინც თბილისში შექმნილ ვითარებაზე შეშფოთება გამოთქვა. იქ დაბადების დღის აღნიშვნა ერთგვარი ტრადიცია გახდა, ორჯერ გადავიხადე და მესამედაც ჩავედით და მოხდა ის, რაც მოხდა.

უკვე ვთქვი, რომ ამ ინციდენტზე კომენტარს არ გავაკეთებდი და არც გამიკეთებია. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ბევრ კითხვას ისევ მისვამენ: როგორ მოხდა და რა იყო – გადავწყვიტე, ახლა გავაკეთო ყველასთვის განმარტება მოკლედ და გასაგებად.

საქართველოში სასოწარკვეთილი პოლიტიკური ბრძოლაა და ოპოზიციამ ჩემი სტუმრობა გამოიყენა იმისთვის, რომ მოეწყო ერთგვარი, არც ვიცი, რა ვუწოდო, შაბაში, ალბათ.

გაიხსენეს ჩემი 3 წლის წინანდელი გამონათქვამი აფხაზეთის შესახებ, რათა ხმა მოეწვდინათ ჩვენთვის ავტობუსზე კვერცხის დაშენით – როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები მათ საკმარისად აქვთ…

მივიღე გამგზავრების გადაწყვეტილება – რატომ უნდა ჩამეგდო საფრთხეში მეგობრები, სულ მცირე.

დავბრუნდით მოსკოვში და სრულიად მშვენივრად აღვნიშნეთ დაბადების დღე. თბილისის ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ. არავითარი წყენა საქართველოზე და ქართველებზე არ მაქვს, ამასთან, მე საპატიო კახელიც ვარ და მე, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში – ეს უპირობოა – ისეთი კვერცხის სროლის მოყვარულები, განსაკუთრებით, თუკი ამისთვის ფულს გიხდიან, ყველა ქვეყანაში არსებობენ და როგორც უკვე ვწერდი, ისინი ყურადღებას არ იმსახურებენ, – დაწერა პოზნერმა.