ამირან გამყრელიძე – ერთი ნაბიჯია საყოველთაო გავრცელებისკენ, რომელიც იქნება მესამე ტალღაში შესვლა, აქედან გამოსვლა კი გართულდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსული ინფექცია ჯერ არ დასრულებულა და პირიქით, მან ქვეყანაში სერიოზული გავრცელების ეტაპს მიაღწია.

გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღის შემთხვევაში, ქვეყანას სერიოზული დანაკარგები ექნება.

„ქვეყანაში ინფიცირების ე.წ. დინამიური ზრდა პროგნოზირებადი იყო, ეს გარკვეულად დაკავშირებულია იმ შემსუბუქებებთან, რაც განხორციელდა, რაც იყო აუცილებელი, რათა ქვეყანას და ეკონომიკას ამოესუნთქა, მაგრამ, ამავე დროს, დაკავშირებულია ისევ ჩვენს გარკვეულად გულგრილობასთან, ისევ და ისევ ილუზიის შექმნასთან, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, რადგან ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ სერიოზულად, დაახლოებით 10-ჯერ შევამცირეთ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი. მოგიწოდებდით და მოგიწოდებთ, არა, კორონავირუსული ინფექცია არ დასრულებულა, ის ჩვენთან ერთადაა, ცირკულირებს და მან უკვე ქვეყანაში სერიოზულ გავრცელების ეტაპს მიაღწია. ხაზს ვუსვამ, აქედან ერთი ნაბიჯია საყოველთაო გავრცელებისკენ, რომელიც სწორედ იქნება უკვე მესამე ტალღაში შესვლა, საიდანაც გამოსვლა, დამერწმუნეთ, ძალიან რთული იქნება, გვექნება სერიოზული დანაკარგები. ამიტომ, გთხოვთ, ვიყოთ თვითდისციპლინირებული, ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.