პრეზიდენტი – სამწუხაროა, როცა პარტიების ნაწილი ნახევარი საათის წინ მოდიოდა და ბოლო წუთში, რაღაც მოხდა, რაც ალბათ აჩვენებს იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით

ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ცარიელი სკამი არის დღეს პრეზიდენტის სასახლეში – კიდევ უფრო სამწუხარო არის, როცა პოლიტიკური პარტიების ნაწილი ნახევარი საათის წინ მოდიოდა და ბოლო წუთში, რაღაც მოხდა, რაც ალბათ აჩვენებს იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით, – ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ღონისძიებაზე მყოფ პოლიტიკურ პარტიებს და აღნიშნა, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების.

„მივესალმები აქ მყოფ პოლიტიკურ პარტიებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ვინც მობრძანდით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ცარიელი სკამი არის დღეს პრეზიდენტის სასახლეში, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ერთიანობის, დამოუკიდებლობის დღეს და ისტორიულ დღეს. კიდევ უფრო სამწუხარო არის, როცა ნაწილი ამ პარტიების მოდიოდა ნახევარი საათის წინ და ბოლო წუთში, რაღაც მოხდა, რაც ალბათ აჩვენებს იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით, რომ იყვნენ ყველა და ყოველივე პოლიტიკური პარტია ამ ქვეყანაში. სამწუხაროა, ასევე იმიტომ, რომ მე მესმის სხვადასხვა კუთხიდან წამოძახილები, რომ პრეზიდენტი რატომ არ თამაშობს მედიატორის როლს, მეც ვეთანხმები იმაში და ეს ნათქვამიც მაქვს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების და არ უნდა ვიყოთ მუდმივად მიბმული იმაზე, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა გადაწყვიტონ ჩვენთვის და დაგვეხმარონ ამ პროცესებში. მაგრამ ძალიან რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა ეს მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამებია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.