ვარლამ გოლეთიანი – მეტეოროლოგიური პირობები არის საბაბი კარვების ასაღებად, რადგან ჩვენი პროტესტის შეწყვეტის მეტ საფუძველს ვერ ხედავენ

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზტორი, ვარლამ გოლეთიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მეტეოროლოგიური პირობები არის მხოლოდ საბაბი კარვების ასაღებად, რეალურად კი საფრთხე არ არსებობს.

„შსს-მ მოიყვანა არგუმენტი, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო იღებენ ჩვენს კარვებს. ეს არის ერთ-ერთი ჩვენი თანამებრძოლის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და რიონი იქ არ ამოდის ზოგადად. თქვენ ხედავთ, არც ახლა არ არის ისეთი მეტეოროლოგიურო პირობები, რომ ამის საფრთხე იყოს, ეს არის საბაბი იმისა, რომ კარავი აიღონ. ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის შეწყვეტის მეტ საფუძველს ვერ ხედავენ. შეფასებით ნაწილში რა უნდა ვთქვათ, წარმოდგენა აღარ გვაქვს. სრულ აბსურდამდე დავიდა ეს ყველაფერი.

მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ აქ. მიმდინარე დღეებში ახალი ფურცელი იშლება საქართველოს უახლეს ისტორიაში და ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, ერთმანეთის მხარში დგომით ეს პრობლემა გადავჭრათ. მოვუწოდებთ მშვიდობიანად, ჩვენ არ მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ და გადავიდეთ ხელჩართულ ბრძოლაზე. უბრალოდ, გვჭირდება ადამიანების სიმრავლე.

ყველამ კარგად იცის, მათ შორის პოლიციამ, რომ შინაგანაწესი გვქონდა და კარვებში არავინ არ სვამდა, თვითონ დაალაგეს არყის ბოთლები, გადაუღეს სურათები და ავრცელებენ ამას. სუფრის სცენარი ახლა დადგეს და იწყება ამის გავრცელება. მედიას იქ არ უშვებენ და თავიანთი ბოტების საშუალებით, ინტერნეტსივრცეში გავრცელდება, რომ დალევა მიდიოდა ნამოხვანში, ამიტომ ვერ გაკონტროლდა და გადახტა ადამიანი რიონში. უნიჭოდ დადგმული სცენარია, რომლის ავტორი არის ჩვენი ხელისუფლება“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სოფელ ნამახვანის მიმდებარედ მოსალოდნელია რიონის წყლის დონის განსაკუთრებული მატება და საფრთხის თავიდან აცილების, აქციის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიიღეს გადაწყვეტილება კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ.