ალექსანდრე კობაიძე ხელისუფლებას: ჩადით ნამახვანში და პირადად შეხვდით ადგილობრივებს, ნუ ხართ მშიშრები და ნუ ფიქრობთ, რომ ის ხალხი „ვინმესტია”- ისინი სრულიად გულწრფელები არიან

„მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ცუდია ფაქტია, როდესაც დღეს, ნამახვანში არსებული სიტუაციის მიუხედავად, მინისტრები  არ ჩადიან და პირადად არ ეცნობიან პრობლემებს. „რიონის ხეობის მცველების” ხელისუფლების წინააღმდეგ არ იბრძვიან – ნურას უკაცრავად, ისინი საკუთარ მიწას იცავენ, ვინაიდან მათ აქვთ განცდა, რომ საკუთარ მიწას და მამულს ართმევენ”, – ამის შესახებ  უფლებადამცველი და „პროგრესული საქართველოს” ლიდერი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს.

მისივე თქმით, ნამახვანში შექმნილი სიტუაციის გამო სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და პრობლემები, რომლებიც იქ დაგროვდა აუცილებლად მსჯელობით და დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას.

კობაიძე ასევე აღნიშნავს, რომ „რიონის ხეობის დამცველების”  ინტერესი არ არის ვიწრო და მათ პროტესტს არც პარტიული ელფერი დაჰკრავს. თითოეული მათგანი არის ადგილობრივი და თავის მოთხოვნაში გულწრფელი.

„ხელისუფლებამ ადეკვატურად უნდა იმოქმედოს და არა ძალადობის გზით შეეცადოს პროტესტის ჩახშობას. მინისტრები ადგილზე უნდა ჩავიდნენ, კარგად უნდა მოისმინონ  აქციის მონაწილეების  პროტესტი, იზრუნონ პრობლემების მოგვარებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ წამოვიდნენ უკან და არა ისე, როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მოიქცა მაშინ, როდესაც ფორმალურად ჩავიდა ცაგერში პირველ შეხვედრაზე.

მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვუთხრა, პირადად მე, ნამახვანში ყოფნისას შემექმნა განცდა, რომ ის ხალხი ძალიან გულწრფელია და „არავისტი” არ არის. გულწრფელად აპროტესტებენ  და ყველას მიაჩნია, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს. ნუ ხართ მშიშრები და ნუ ფიქრობთ ის ხალხი „ვინმესტია”. სამშობლოს სიყვარულში  ნამდვილად არ დაგიდებთ ტოლს, თუ არ აგღემატებიან კიდეც. მათ უნდა შეხვდეთ და ელაპარაკოთ.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, „რიონის ხეობის დამცველების”  ინტერესი არ არის ვიწრო და არც პარტიული ელფერი დაჰკრავს. თითოეული მათგანი არის ადგილობრივი და თავის მოთხოვნაში გულწრფელი.  ისინი არც ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან და არც ჰესების მშენებლობის იდეას გმობენ.

მათ სურთ კითხვებზე ნათელი და ცალსახა პასუხების მოსმენა, თუმცა სახელწიფო არათუ მედიატორია/მსაჯი ამ პროცესში, არამედ მეორე მხარის ინტერესებს წარმოადგენს.

რატომ იღებს ყველა სახის პასუხისმგებლობას სახელმწიფო? რატომ ხდება ამ პროცესის უშუალო მონაწილე და რატო აზღვევს უცხოელ ინვესტორს ყველა შესაძლო შემთხვევაში? იქნებ, კორუფციულ გარიგებას აქვს ადგილი?

არსებობს ცალსახად მნიშვნელოვანი კითხვები კაშხლის გამძლეობაზე, სამშენებლო კომპანიის სანდოობასა და წარსულ გამოცდილებაზე. რამდენი წლის განმავლობაში გვექნება უფასო დენი, ხოლო შემდეგ კი რატომ აღარ იქნება უფასო. რამდენი ადამიანი დასაქმდება  რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი ჰესის აშენება, ვიდრე ტურისტული პოტენციალის განვითარება,” – აღნიშნავს კობაიძე.

მისივე თქმით, რიონის ხეობაში შექმნილი კრიზისი „ქართული ოცნების” მორიგი მარცხია.

„სახელმწიფო ვერ სცემს პასუხებს კითხვებზე, თუ რა სარგებელი ექნება სახელმწიფოს და რამდენი ხნით? რა პროცენტული წილით გაიზრდება ენერგოდამოუკიდებლობის დონე? რამდენად პროპორციულია შესაძლო ზიანი შესაძლო სარგებლიანობასთან  მიმართებით? რამდენად საჭიროა საპოლიციო ძალის ასეთი აშკარა მობილიზება და მოსახლეობასთან დაპირისპირება? მთელი რიგი კითხვები არსებობს, რომელთაც საჭიროა პასუხები გაეცეს და ამისთვის უკიდურესაც მნიშვნელოვანია თქვენი(ხელისუფლების) მეტი ჩართულობა და ნამახვანში, ადგილობრივებთან მჭიდრო კომუნიკაცია. ნუ იქნებით ინვესტორების მხარეს,  დაიცავით ხალხის პოზიცია  და მოუსმინეთ ხალხს/

“არა ჰესებს” – ამ კონკრეტულ შემთხვევას არ ეხება და არც ვემხრობი ამ ეტაპზე, თუმცა არსებობს კითხვები და სანამ კითხვებზე არ იქნება პასუხი მანამ უნდა შეწყდეს ყველა სახის საქმიანობა ენკას მიერ.

ეს არის მორიგი კრიზისი და მორიგი მარცხი „ქართული ოცნების”. როდემდე ვითმინოთ არაკომპეტენტურობა?!”, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.