სომხეთის პრეზიდენტი – საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი­ წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სარქისიანმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალია.

„სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს საუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან მეგობრობასა და თანამშრომლობას. ქართველი და სომეხი ხალხები საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ გვერდიგვერდ. სომხები საქართველოს კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური ცხოვრების აქტიურ ნაწილს წარმოადგენდნენ. დღესაც სომხურ ბიზნესს დიდი ინვესტიცია აქვს საქართველოში და ქართველი ბიზნესმენებიც მუშაობენ სომხეთში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა , როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის. დღეს ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განვიხილე დღის წესრიგის ფართო სპექტრი. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლების და მრავალ სხვა სფეროში. არის ასევე თანამშრომლობის დიდი პოტენციალი თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, მაღალი და ბიო ტექნოლოგიების განვითარების, კიბერუსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის საკითხებში. ეს თანამშრომლობა ორმხრივი და მრავალმხრივია. ვფიქრობ, შეგვიძლია ბიზნესურთიერთობები გავაღრმავოთ და ვიმუშაოთ ამ მიმართულების განვითარდეს.

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას კოვიდ-19-ის წინააღმდე ბრძოლაში. თანამშრომლობის ხელშესაწყობად ძალისხმევას არ ვიშურებთ. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც სომხეთ-საქართველოს მთავრობათშორის კომისიის, ასევე უწყებათაშორის დონეზე ორმხრივი თანამშრომლობის ამჟამინდელი დონის ასამაღლებლად. მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტებს შეუძლია განსაკუთრებული როლი შეიტანოს ამ საქმეში“, – განაცხადა არმენ სარქისიანმა.