ამირან გამყრელიძე – დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს, რათა აღდგომის დღეებში არ მოიმატოს ვირუსის გავრცელების რისკმა და წესები ყველგან დაცული იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საპატრიარქოსთან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.

გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს დაცული რეკომენდაციები და მრევლი ძირითადად განთავსდეს ტაძრის გარეთ, დისტანციის დაცვით.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ უპასუხა კითხვას, წელსაც ხომ არ შეიძლება, აიკრძალოს საფლავებზე გასვლა.

„ეს დამოკიდებულია, როგორი გვექნება ეპიდსიტუაცია აღდგომის წინა დღეებში და შემდგომ ბრწყინვალე შვიდეულში. იქნება საპატრიარქოსთან კონსულტაციები. ჩვენი თხოვნაა, რომ აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად დაცული იქნას რეკომენდაციები. ანუ, ტაძრის შიგნით და გარეთაც პირბადის აუცილებელი გამოყენება, ასევე დისტანციის, სანიტარული წესების დაცვა და როგორც შარშან მოხდა, ძირითად ტაძრებში რადიოფიცირება, 2 მაისს არის აღდგომა, ამ დროს თბილა, მრევლი იყოს ძირითადად გარეთ, იქაც დისტანციის დაცვით. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ არ იყოს ვირუსის გავრცელების ზედმეტი რისკი. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს, რათა არ იყოს მომატებული რისკი და წესები ყველგან დაცული იქნას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.