ალექსანდრე კობაიძე: მივმართავ საკოორდინაციო საბჭოსა და მთავრობას – კომენდანტის საათი უნდა გადაიწიოს 23:00 საათამდე, რადგან პიკის საათის დროს იმატებს კორონავირუსის გავრცელების რისკი

მოვუწოდებ ხელისუფლებას, ჩამოვიდნენ შავი ჯიპებიდან, გაიარონ საღამოს 9 საათის მერე ქალაქში და ნახონ, თუ რა მდგომარეობაა ტრანსპორტში და ამის მერე შეაფასონ ეპიდსიტუაცია და დაინახონ როგორი რისკია პანდემიის გაზრდის,” – ამის შესახებ პარტია „პროგრესული საქართველოს” ლიდერმა, ალექსანდრე კობაიძემ  „კომენდანტის საათის”  ძალაში დატოვების  თაობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობაიძე მიიჩნევს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვის  გადაწევა 23::00 საათამდე.

„პიკის საათის დროს მოქალაქეები უდიდესი პრობლემის წინაშე დგებიან.  როდესაც  ე.წ კომენდანტის საათის  ამოქმედებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება ხოლმე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლა და მგზავრობა პრაქტიკულად შეუძლებელია.  გადაჭედილია მეტრო, ავტობუსები, მიკროავტობუსები და ამ მდგომარეობაში მგზავრობა გაუსაძლისი ხდება.

ამავე დროს, დამეთანხმებით ალბათ, რომ პიკის საათის დროს იმატებს კორონავირუსის გავრცელების რისკი და მოქალაქეები უფრო დიდი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩდნენ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ კომენდანტის საათი უნდა გადაიწიოს 21:00-დან 23:00 საათამდე, 2 საათით, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, სწორედ 19:00-21:00 დროის მონაკვეთშია ხალხმრავლობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატება დიდ წილად დაკავშირებულია  7-დან 9-საათამდე  შუალედში არსებული გადატვირთული მგზავრთა ნაკადის გამო. ვინაიდან აღნიშნული საათების დროს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ  ჩაეტიონ დროში და მოასწრონ მგზავრობა, სახლში მისვლა და საჭირო პროდუქტების შეძენა.

მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, ჩამოვიდნენ შავი ჯიპებიდან, გაიარონ საღამოს 9 საათის მერე ქალაქში და ნახონ, თუ რა მდგომარეობაა ტრანსპორტში და ამის მერე შეაფასონ ეპიდსიტუაცია და დაინახონ როგორი რისკია პანდემიის გაზრდის.  ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია „კომენდანტის საათის” გადაწევა 23::00 საათამდე. რადგან ადამიანებს არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ თუ სახლში მისვლას ვერ მოასწრებენ დაჯარიმდებიან და ვერ იმგზავრებენ.

კიდევ ერთხელ მივმართავ საკოორდინაციო საბჭოსა და მთავრობას, რომ აუცილებლად და გადახედონ არსებულ არაფრისმომცემ რეგულაციას,” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

 

ცნობისთვის, ქვეყანაში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებასთან დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე  გააკეთა.

“როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში სახეზეა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება და ეპიდვითარების გაუარესების ტენდენცია, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიების ზედმიწევნით დაცვას და მკაცრ აღსრულებას.

უწყებათა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა საღამოს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებით” – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.