გიორგი ვაშაძე – მოვეშვათ პოლიტიკურ კეკლუცობას, რომ მაგარი ბიჭი ვარ, ამნისტია არ მინდა

ნიკა მელიას რა პოზიციაც აქვს, ურთულესი იქნება, ჩემი აზრით, სხვა პოზიცია ჰქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს ვაგებთ ის პოლიტიკური ძალები, ვინც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს. შესაბამისად, ვაპირებ, ჩემი ვალდებულება შევასრულო და ნიკა მელია გათავისუფლდეს ამნისტიის კანონით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„გარდა ამისა, ამნისტიის კანონის მიღებამდე, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევძლოთ მისი უფრო ადრე გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიის კანონი იქნება მიღებული“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამნისტიაზე საუბრისას ვაშაძემ განმარტა, რომ მძიმე მუხლების ამნისტირება არ ხდება, რადგან კონვენციის მიხედვით, ამისი უფლება არ აქვთ.

„კიდევ ერთი სპეკულაცია, რომ თვალების დამთხრელზე გავრცელდება ამნისტიის კანონი, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რადგან თვალების დათხრა არის კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულის ქმედება, რომლის ამნისტიის უფლება არ გვაქვს ჩვენ. რომ შევაჯამოთ, სამშაბათს მივდივართ პარლამენტში, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რის შემდეგაც, პრეზიდენტი იწყალებს გიორგი რურუას, ვარეგისტრირებთ ამნისტიის კანონს, რომელიც ვრცელდება ყველა ადამიანზე, ვინც ახლა არის პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ ვერ გავრცელდება კონვენციით დაცულ მუხლებზე, რადგან ამის უფლება საქართველოს პარლამენტს არ აქვს. მესამე, ვმუშაობთ მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში ნიკა მელიას გათავისუფლებაზე და ყველაზე გვიან, ამნისტიის კანონის მიღებით, ნიკა მელია გათავისუფლდება. ეს არის შინაარსი, რასაც მოვაწერეთ ხელი.

ხაზს ვუსვამ, სწორედ დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ არა დროებით გადაწყვეტილიყო ნიკა მელიას საკითხი, გირაოს გადახდით, არამედ საბოლოოდ გადაწყვეტილიყო ამნისტიის კანონით. პირდაპირ გვითხრეს, არ გვინდა ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან თქვენთან ჩამოსვლა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავიწყო ნიკა მელიას გათავისუფლების მოლაპარაკებები ამ ქვეყანაში. მგონია, ამით ყველაფერი ნათელია, ყველა ინტერპრეტაციას წერტილი დასმული აქვს. ვინმეს თუ რამე კითხვა აქვს, მზად ვარ, ვუპასუხო. პოლიტიკურ სპეკულანტებს მინდა, ვუპასუხო, მოეშვით სპეკულაციას და საქმეს მიხედეთ, მოვეშვათ პოლიტიკურ კეკლუცობას ტელევიზიებით, რომ რა მაგარი ბიჭი ვარ, ამნისტია არ მინდა და ველოდები ამნისტიას, რომ პარლამენტში შევიდე“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.