ხატია დეკანოიძე – ამნისტია არ შეიძლება გათანაბრებული იყოს ნიკა მელიასა და იმ სამართალდამცველებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანებისთვის განზრახ დაზიანების მიყენებაში

ამნისტია არ შეიძლება გათანაბრებული იყოს ნიკა მელიასა და იმ სამართალდამცველებთან, რომლებიც რეალურად მონაწილეობდნენ ადამიანებისთვის ძალიან მძიმე განზრახ დაზიანების მიყენებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ყველას კარგად ესმის, რომ აქ ანტიკონვენციური მუხლებით „ქართულ ოცნებას“ არც ერთი საქმე არ აღუძრავს, აქ აღძრული იყო 333-ე, ეს იყო უფლებამოსილების გადამეტება, რაც შეეხება 143-ე და 154- ე მუხლებს, აქ გამოძიება დაიწყო, მაგრამ არავის ბრალი არ წაყენებია.

„სინამდვილეში აქ ხდება გათანაბრება და გათეთრება 20 ივნისის. არაფერ შუაში არ არის გირაო და ამნისტია, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა გირაოს გადაიხდიდა, ამნისტიის კანონს მაინც მიიღებდნენ, ამიტომ ის იდეოლოგია და პროპაგანდა, რომელზეც საუბრობენ, ნიკამ გირაო გადაიხადოს, რომ ამნისტიის კანონი არ მიიღონ, ეს არის მცდარი და მასაც მინდა ხაზი გავუსვა. ვფიქრობ, რომ ამნისტია სამართალდამცველების, უშუალოდ ვინც ახორციელებს თავდასხმას ადამიანებზე, არის ძალიან საშიში პრეცედენტი, მაშინ როდესაც ნებისმიერ სახელმწიფოში ხელისუფლება შეიძლება ჩავარდეს ხიბლში, დასაჯოს პროტესტის მონაწილე ადამიანები და შემდეგ ვისაუბროთ ამნისტიაზე. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამ ამნისტიის კანონს, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგები, ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას, იბრძოლებენ ბოლომდე, მათ შორის, ვინც შევიდნენ ახლა პარლამენტში, რათა ის მუხლები არ მოხვდეს და იმ მუხლებს კენჭი არ უყარონ, რომლებიც გულისხმობს სამართალდამცველებისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას, ვინაიდან ეს შეშფოთების საგანს წარმოადგენს მთელ საზოგადოებაში“, – განაცხადა დეკანოიძემ.