მეუფე ნიკოლოზი – რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება, არის სირცხვილი – რა საქციელია, რა მანერებია, რა ზრდილობაა, რა ქრისტიანობაა, არ ვიცი

რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება დღეს, ეს არის სირცხვილი, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა სალხინოს ტაძარში მომხდარის კომენტირებისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამარცხვინოა, როგორც იქცევიან ადამიანები, ვინც თავიანთ თავს მორწმუნეებს უწოდებენ.

როგორც მეუფე აღნიშნავს, მრისხანება ადამიანს აზიანებს, თუმცა, შემდეგ “სინანულში მოჰყავს”.

“დღევანდელ დღეს უფალი დიდებით შევიდა იერუსალიმში და სხვათაშორის, ბევრ ადამიანს არ მოსწონდა და ეუბნებოდნენ, რას შვები, როგორც ღმერთს ისე მოგმართავენო და იესომ უპასუხა, ესენი რომ გაჩუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადსო. რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება დღეს, ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო საქციელია, როგორ იქცევიან ადამიანები, ვინც თავიანთ თავს მორწმუნეებს უწოდებენ. ეს რა საქციელია, რა მანერებია, რა ზრდილობაა, რა ქრისტიანობაა, მე არ ვიცი. ვინ სად წაიკითხა წიგნში ასეთი რამე. მე მინდა დაგარწმუნოთ ყველანი, რომ აუცილებლად დალაგდება ყველაფერი, მოწესრიგდება”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, მარტვილში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.