ლაჩრები არ ვართ,მებრძოლი ეკლესია ვართ და ყველაზე შეგვიძლია პასუხის გაცემა – ეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ საქართველოში ეკლესიას ორკესტრირებულად ებრძვიან. ამის შესახებ მან ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.

“რთული დროა, ოღონდ ვინმემ რამე ცუდი თქვას ეკლესიაზე და ყველას ეძახიან. ტელევიზიები რომ ყურებადი გახდეს, სენსაციები უნდათ. ჟურნალისტებს არ მივმართავ, მაგათ ავალებენ, დღეს სამსახურები ბევრი არ არის და არ უნდათ დაკარგვა. ტელევიზიებს ხელმძღვანელებს და სპონსორებს მივმართავ – რომ აკეთებ ამას, მომავალზე არ ფიქრობ?

ეკლესია როცა ძლიერი იყო, საქართველო იყო ძლიერი. ეკლესია დამპყრობლების დროს ენასაც ინარჩუნებდა და ყველაფერს. სიყვარულით რომ მომიწოდებდე, მივიღებ, მაგრამ როცა სენსაციებზე ხარ, ეს არის ძალიან ცუდი.

ჩაივლის მძიმე მარხვის დღეები, შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულია და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ვიღაცებს, ვინც პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ტელევიზიებს, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ, დაფიქრდნენ რას აკეთებენ, ვის ემსახურებიან. თუ მე ვარ მტყუანი, ასმაგად მაზღვევინონ, თუ ისინი არიან ერის და ეკლესიის წინაშე, ერთმაგათ ვაზღვევინოთ.

ლაჩრები არ ვართ,მებრძოლი ეკლესია ვართ და ყველაზე შეგვიძლია პასუხის გაცემა. ჩვენ თუ შიგნით ვერ დავიცავით, გარეთ ვის დაგიცავთ?! კიდევ არის დრო შეინანონ, ადამიანებს დაემსგავსონ თავისი საქციელით და გამყიდველობას თავი დაანებონ, თვითონ ხომ მაინც იციან, რომ მატყუარები არიან,”-აღნიშნა ქადაგებისას ეპისკოპოსმა იაკობმა.