სასამართლომ ვახო სანაიაზე თავდამსხმელები პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული 3 პირი, სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე, გიორგი კერატიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა.

პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა მომღერალ გია გაჩეჩილაძისა და და თბილისის საკრებულოს წევრის, ვატო შაქარიშვილის, თავდებობა. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.