დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

პარლამენტის წინ სოლიდარობის აქციაზე დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავებულები არიან ილია ლეჟავა, გოგა ბრეგვაძე და რამაზ მამაიშვილი. მათგან ორი, რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენელია.

სამივე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

9 მაისს, საღამოს პარლამენტის შენობასთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა. აქცია ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიაზე გამოხმაურება იყო. აქციის მონაწილეები ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით შეიკრიბნენ. ორგანიზატორები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, აუდიტორია 115 და რკინიგზის პროფკავშირები იყვნენ.

აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.