საპენსიო აქტივების მოცულობამ 1,420 მილიარდ ლარს მიაღწია, დაგროვებითი პენსიით კი 800-მდე ადამიანმა ისარგებლა

საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა თვეში საშუალოდ, 11 000-ზე მეტი ადამიანით იზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

„2021 წლის 5 მაისის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 1,420 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც დარიცხული სარგებელი 148.8 მილიონი ლარია. საპენსიო აქტივები ქართულ კომერციულ ბანკებშია განთავსებული და ეფექტური წლიური სარგებელი 11% ერიცხება. საპენსიო აქტივების 62% სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებშია, ხოლო 38% – სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები დღეისათვის ლარშია ინვესტირებული.

დაგროვებითი პენსიით 800-მდე ადამიანმა ისარგებლა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ, 11 000-ზე მეტი ადამიანი უერთდება. ამ დროისათვის კი 1 145 808 სქემის მონაწილეა რეგისტრირებული“, – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.