ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.

„ამ დღეს ვიხსენებთ 1950 წლის შუმანის ისტორიულ დეკლარაციას, რომელშიც საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ თანამეგობრობას, რაც შემდგომში დღეს არსებული ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. წელს, ევროკავშირი ამ დეკლარაციის მიღებიდან 71-ე წელს აღნიშნავს. ევროპის დღეს ასევე აღვნიშნავთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას. საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა “ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ”, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირისა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებსა და სოლიდარობას, განსაკუთრებით ჩOVID-19 კრიზისის პირობებში.“, – ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა „ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ”, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებსა და სოლიდარობას, განსაკუთრებით ჩOVID-19 კრიზისის პირობებში.

წელს, ევროპის დღის აღსანიშნად და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის ხაზგასასმელად დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

9 მაისს, 17:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალური მედიის არხების საშუალებით გაავრცელებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და მისი სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველის მიერ ექსკლუზიურად ევროპის დღისათვის შექმნილი ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალურ კომპოზიციას. 100-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა მის შესრულებაში, მათ შორის გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა, გამორჩეულმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი”-ს მოსწავლეებმა და სხვა.

მუსიკალური კომპოზიციის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა გააკეთებენ განცხადებებს ევროპის დღისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთოებების შესახებ. განცხადების ტექსტები იხილეთ ქვემოთ.

გარდა ამისა,საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა და პარტნიორებმა, როგორც ევროპის გუნდმა, ერთობლივი ვიდეო გზავნილი გაავრცელეს

9 და 10 მაისის საღამოს კი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება ღირსშესანიშნაობები საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის: ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში.

„ევროკავშირის სოლიდარობა ევროკავშირის საზღვრებს გარეთაც ვრცელდება, ისეთი ახლო პარტნიორების მიმართ, როგორიც საქართველოა. ჩOVID-19 პანდემიის დროს ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა ჩOVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყვეს, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხია. ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

უკვე 25 წელია ევროკავშირი საქართველოს მხარდამჭერი და უმსხვილესი დონორია. დღეს, ევროკავშირს საქართველოში 200-ზე მეტი აქტიური პროექტი აქვს, რომელთა საერთო ღირებულება 500 მილიონ ევროს აღემატება. ამ პროექტების ფარგლებში ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ინსტიტუტების გაძლიერებაში, გარემოს დაცვაში, მობილობის და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებაში.

მაგალითად, ქართულ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა, 7,000-ზე მეტმა სტუდენტმა უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამებით ისარგებლა, 40,000-ზე მეტმა ქართულმა ბიზნესმა ევროკავშირისგან მხარდაჭერა მიიღო.

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ემყარება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან (DჩFთA) ერთად 2016 წელს შევიდა ძალაში და რომელიც საქართველოს ევროკავშირში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. ევროკავშირსა და საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება 2016 წლის დეკემბერში მიიღეს და მას შემდეგ, შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილება საქართველოს 500,000-ზე მეტმა მოქალაქემ შეძლო“, – აღნიშნულია განცხადებაში.