„ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა, იქ იყო სასწაული, სამი ეროვნების ადამიანი, ყველა ჩვენებურად, ერთდროულად ვლოცულობდით” – ქართველი ემიგრანტი ისრაელიდან

ისრაელში გასული ღამის მძიმე მოვლენების გამო მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. თელ-ავივიდან საქართველოს მოქალაქე ნანა გუმბერიძე „რუსთავი 2“-ის  პირდაპირ ეთერში საუბრობს, თუ როგორ და რა პირობებში მოუწიათ  ღამის გატარება.

“ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის გაძლება.5 წელია აქ ვარ და მსგავსი ვითარება არ მახსოვს.

თავშესაფარში ვიყავით მთელი კორპუსი, ჩემს კორპუსს თავშესაფარი აქვს, საბედნიეროდ, ბევრს არ აქვს და ღამის გათენება კიბეებზე მოუწიათ. თავშესაფარში ვიყავით ღამის 03:00 საათიდან, დილის 05:00 საათამდე.

ვიყავით ქართველები, რუსები, ებრაელები და თქვენ წარმოიდგინეთ, იქ იყო სასწაული, სამი ეროვნების ადამიანი, ყველა ჩვენებურად ერთდროულად ვლოცულობდით და ყველაზე მეტად ებრაელები გვამხნევებდნენ. მე გამიათმაგდა ამ ხალხის სიყვარული და ძალიან მინდა, რომ ისრაელში იყოს მშვიდობა,” – ამბობს ნანა გუმბერიძე.

ისრაელის მედიის ცნობით, გასულ ღამეს „ჰამასის” დაჯგუფებემა ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე 1 050 რაკეტა ისროლეს.