მაკა გოგიტიძე: სად არის დაცული ჩემი მოქალაქეობრივი უფლებები?

   მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამარტივებს მოქალაქეებისთვის საკუთრების დარეგისტრირების პროცესს, საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც პრობლემები ექმნებათ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირების დროს რაც მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს.

ამ საკითხზე არაერთი წერილი თუ სიუჟეტი გაკეთდა სხვადასხვა მედია საშუალებებში, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება.

ახლა სააგენტოს მოქალაქე მაკა გოგიტიძე დაუკავშირდა და ანალოგიური პრობლემის შესახებ მოგვიყვა. ქალბატონმა მაკამ მისი სიტყვების სიმართლის გასამყარებლად უამრავი დოკუმენტალური მასალაც მოგვაწოდა.

-„გარდაცვლილი მყავს მეუღლე, რომელიც რუსთავში მუშაობდა 1997 წლამდე. იყო მთავარი გეოდეზისტი და რუსთავის გამგეობამ 1992 წელს მისცა მიწის ნაკვეთი. მინდოდა სამკვირო მოწმობა დამერეგისტრირებინა ჩემზე, საარქივო მონაცემებში არ იყო დაზუსტებული ფართობი. ეს ნაკვეთები მე-19-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სისტემურად დარიგდა და იყო 400 კვადრატული მეტრი.

2013 წლამდე რუსთავის მერია ფართის შესახებ ცნობებს უპრობლემოდ გასცემდა, ასე რომ, ვინც იქამდე დაიმტკიცა ნაკვეთი, პრობლემა არ შექმნიათ, 2013 წლის შემდეგ კი შეწყვიტეს ცნობის გაცემა და გვითხრეს, რომ ვერ შეძლებდნენ დამადასტურბელი დოკუმენტის მოცემას. არ შეიძლებოდა რაიმე პრობლემა ყოფილიყო, რადგან ზუსტად ჩვენნაირი ფართი აქვთ იმ ოჯახებს, რომლებმაც ჩემს მეუღლესთან ერთად მიიღეს მიწა და უკვე დარეგისტრირებული აქვთ. მოვიძიე ყველა დამადასტურებელი საბუთი, ნახაზები, ორთოფოტო და ჩანს, რომ ყველაზე ერთნაირი ფართობის მიწის ნაკვეთია დარეგისტრირებული. ყოფილი გამგეობების სამართალმემკვიდრე არის რუსთავის საკრებულო და მერია, რაიმე არაკანონიერს არ  ვითხოვ-მოვითხოვ დამირეგისტრირდეს ჩვენი ოჯახის საკუთრება. საკრებულომ ადრე განმიცხადა, რომ მზად არიან გასცენ შესაბამისი ცნობა, მაგრამ არ არტყამს ბეჭედს რუსთავის მერიაო. ვიყავი ბატონ ჯიქიასთან, შევისწავლით საკითხსო დამაიმედა და დღემდე შეუსწავლელია. მერე გადააბარეს საკრებულოს ამ საკითხის შესწავლა, ამ უკანასკნელმა კი უფლებამოსილი არ ვართო და მეც დავდივარ აქეთ-იქით. მითხარით, სად არის ამ დროს დაცული ჩემი მოქალაქეობრივი უფლებები? თუ 2013 წლამდე გაცემული ცნობებით სხვებს დარეგისტრირებული აქვთ ერთი და იგივე ფართობი, რა შეიცვალა მერე? რატომ ჰქმნიან ამდენ ბიუროკრატიულ ბარიერებს? რა ვქნათ იმ ადამიანებმა, რომელბმაც ვერ მოვასწარით 2013 წლამდე? თუკი სისტემურად ერთნაირი ნაკვეთები იყო გაცემული, რისი შიში აქვთ, პრობლემები შეგვექმნებაო? ან უბრალოდ არაკომპეტენტურები არიან. ძალიან მადლობელი ვარ საჯარო რეესტრის, ამოიღო ყველა საბუთი და აკინძული გაუგზავნა საკრებულოს, თან ისიც კი განაცხადა, რომ როგორც სამართალმემკვიდრეები უნდა გასცემდნენ ამ საბუთს, მაგრამ…არადა არის შემთხვევები, რომ ვიღაც მივა, ჩაარჭობს ჯოხს, იტყვის-ჩემიაო და ასე მიტაცებულ ნაკვეთს უკანონებენ, ჩვენ კი ჩვენსავე საკუთრებას ვერ ვიკანონებთ.

მარტო მე არ მაქვს ასეთი პრობლემა, სხვებიც არიან და ჩვენ არ დავთმობთ, მივყვებით ამ საქმეს ბოლომდე და ალბათ შემდეგი ნაბიჯი იქნება სასამართლო. ბრიფინგებსაც გავმართავთ და მთელ ქვეყანას გავაგებინებთ რა ხდება მიწის დაკანონებასთან დაკავშირებით, სამართალმა ოდესღაც მაინც ხომ უნდა ჭამოს პური…“

მივმართავთ რუსთავის მერიას და საკრებულოს, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საჯარო კომენტარი გააკეთონ აღნიშნულ საკითხზე და დააკვალიანონ მოსახლეობა რა გააკეთონ, რომ მიწის ნაკვეთები კანონიერად დაირეგისტრირონ. იმედს ვიტოვებთ ჩვენი თხოვნა უპასუხოდ არ დარჩება.

13514334_1838705883029412_1599230607_n 13521752_1838705873029413_487752645_n 13522607_1838705879696079_642943753_n 13530685_1838705876362746_1060126221_n 13535712_1838705913029409_148161662_n 13536155_1838705863029414_312481843_n

ცნობისთვის, 29 ივნისს, 12:00 სთ-ზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართება.

კომენტარის დატოვება