დავით ზალკალიანი: ისრაელში საქართველოს საელჩო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან

ძალიან გვაღელვებს ის სიტუაცია, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია შექმნილი. რა თქმა უნდა ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც განხორციელდა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე- პრემიერმა,საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის სურვილს წარმოადგენს რეგიონში სიტუაციის განმუხტვა, რათა მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა მშვიდობიან გარემოში გააგრძელოს ცხოვრება.

„პირველ რიგში, გვაღელვებს ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, რომლებიც ამჟამად ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს საელჩო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან, ამოქმედებულია ცხელი ხაზი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად მსუბუქად დაშავდა საქართველოს მოქალაქე.

„მან მიიღო ძალიან მცირე დაზიანება, მაგრამ მინდა, დავამშვიდო ყველა, მათ შორის მისი ოჯახის წევრები, საელჩო არის მასთან კომუნიკაციაში, არანაირი გართულება არ არის და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, იგი უკვე გამოწერილია საავადმყოფოდან და უსაფრთხოდ გრძნობს თავს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.