მამუკა მდინარაძე – მინდა ჩვენს ოპონენტებს მივულოცო, რომ გადალახეს ბარიერი, თავის თავში იპოვეს ძალა და ფრთხილად, მაგრამ მაინც აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა

„მინდა, ჩვენს ოპონენტებს მივულოცო ის, რომ დღეს, როგორც იქნა, გადალახეს რაღაც ბარიერი, თავის თავში იპოვეს ძალა, რომ ძალიან ფრთხილად, მაგრამ მაინც არჩევნების ლეგიტიმურობა პირველად ეღიარებინათ,“- ამის შეასხებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  „ხელისუფლება ამხელა კომპრომისზე იმიტომ მიდის და კრიმინალური წარსულისა და აწმყოს მქონე ადამიანების ასახვა იმიტომ მოხდა შეთანხმების დოკუმენტში, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის მთავარი მიზანი- საქართველოს ევროპულ ოჯახში გაერთიანება“.

„ჩვენ აქ პოლიტიკური კინკლაობით გავერთეთ და მთავარ საკითხებზე და მთავარ პრობლემებზე ხანდახან ნაკლებ გადადის ხოლმე აქცენტები. მთავარი მიზანი ამ ქვეყნის არის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, რაც თითოეული ადამიანის ცხოვრების პირობებს და უფრო მაღალი ხარისხის დემოკრატიას ნიშნავს. აქამდე მისასვლელ გზაზეც ცხოვრების პირობები და დემოკრატიის ხარისხის ამაღლებაა მთავარი საზრუნავი და დანარჩენი ამასთან შედარებით დეტალებია. ძალიან ხშირად გვისვამენ ხოლმე კითხვას, განსაკუთრებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, თუ რატომ მივდივართ ასეთი დონის კომპრომისებზე, რატომ ხდება კრიმინალური წარსულისა და აწმყოს ადამიანების ასახვა შეთანხმების ტექსში, – იმიტომ რომ არ დავაზიანოთ ის მთავარი მიზანი, რომელზეც წეღან ვსაუბრობდი.

საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამ გზაზე სიარული მარტივი ნამდვილად არ არის და ეს ყველამ ვიცით. კომპრომისების გარეშე ეს არის წარმოუდგენელი. საერთოდ არავის ემახსოვრება გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვინ რა დაგვაბრალა ან რამდენჯერ გადათქვეს თავისი ნათქვამი რომელიღაც პარტიის ფორმალურმა თუ არაფორმალურმა ლიდერებმა, კრიმინალმა ლიდერებმა, მაგრამ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება საქართველოს ისტორიის ყველაზე პოზიტიური ფურცელი იქნება,“- განაცხადა მდინარაძემ.