ლევან იოსელიანი: „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სამომავლოდ არჩევნებისადმი ნდობის დაბრუნებისთვის“

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსზე ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის თაობაზე ისაუბრა და მისი მნიშვნელობა აღნიშნა.

„მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა ორდღიან გასვლით სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც კაჭრეთში გაიმართა, სადაც ოპოზიციას ახლად შემოერთებული წევრები და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ვისხედით და განვიხილავდით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ნამდვილად მოსალოცი ამბავია, რომ შუამავლების და ელჩების გარეშე პირისპირ დავსხედით ადამიანები, რომლებიც თვეების მანძილზე ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით, უფრო მეტიც, ვლანძღავდით და თავს ვესხმოდით. შეხვედრაზე კი ყოველგვარი ემოციების გარეშე ვიმსჯელეთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მართლაც ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სამომავლოდ არჩევნებისადმი ნდობის დაბრუნებისთვის. მინდა სამუშაო ჯგუფის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ პირველად მოხდა, როდესაც გადავაბიჯეთ პირად ემოციურ დამოკიდებულებას და გველაპარაკა და შევთანხმებულიყავით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ხვალ გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, მივაღწევთ ისეთი ტიპის დოკუმენტის მიღებას, რომელსაც უკვე ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.