ასეც ხდება – აგიტატორები და მოქალაქე (ნამდვილი ამბავი)

სულ “ცხელი” ამბავია, ახლახანს ერთ-ერთ უბანში მოხდა.

მეორე ტურზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება, სწორედ ამიტომ კანდიდატების მომხრეები და მეგობრები საზოგადოებას სახლებში აკითხავენ და არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებენ. ზოგიერთი მათანი ნაჩქარევ აგიტაციასაც ეწევა და რომელი ნომერი შემოხაზონ იმასაც ახსენებენ.

ერთი ქალბატონი პურის საყიდლად მაღაზიაში მიდიოდა. უცებ ვიღაც მივარდა, მერე გაირკვა, რომ ერთ-ერთი პარტიის აგიტატორი კოორდინატორი იყო და ეუბნება:

-ხომ არ დაგავიწყდა რა გითხარი, რომელი ნომერი უნდა შემოხაზო-ბოლო აგიტაცია სამეზობლოში ამ აგიტატორმა წუხელ გვიან ღამით დაასრულა.

-კი მახსოვს, მაგრამ…

-აჰ, არავითარი მაგრამ. ხომ არ დაგავიწყდა, საბუთების მოგვარებაში რომ დაგეხმარე, თუ გინდა უკეთესად იცხოვრო, ეს ნომერი უნდა შემოხაზო-საუბარი დასრულებული არ ჰქონდა, კიდევ ერთი ქალი მიუახლოვდათ და პურზე გასულ ქალბატონს უთხრა:

–ხომ არ დაგავიწყდა რა გითხარი, რომელი ნომერი უნდა შემოხაზო, წამოდი, ბარემ გამოსული ხარ.

-ასე ხალათით და ჩუსტებით სად შევიდე-უთხრა ქალმა.

-რა გიჭირს, უცებ შემოხაზე და თავისუფალი ხარ.

-მოიცა, მოიცა-ეს უკვე პირველი კოორდინატორი და მეორე ქალის ოპონენტი ერთვება საუბარში-ეს ჩემს ნომერს ხაზავს, ჩვენი ამომრჩეველია!

-მოითმინეთ, ქალბატონო, შენ სად იყავი, მე რომ ამ ადამიანებს ვიცნობდი, ახალი მეზობელი ხარ და იცოდე შენი ადგილი…

ასე პაექრობდნენ დაახლოებით 5 წუთი, ბოლოს ისევ პურზე გამოსულმა ქალმა დააწყნარა ორივე და უთხრა:

-თქვენ არ იჩხუბოთ, სულ აღარ მივდივარ არჩევნებზე, დაგვღალეთ ამდენი უაზრო ლაპარაკით, დამრჩა ბავშვი მშიერი! და თუ წავედი, თქვენი გადასაწყვეტი არ არის რომელ საატზე წავალ და ვის შემოვხაზავ. ორივეს გადავზახავ ახლა და მეუღლესაც იგივეს ვურჩევ!-და მაღაზიისკენ საკმაოდ გაბრაზებულმა გააგრძელა გზა.

ასე დატოვა ორივე კოორდინატორი.

-უყურე, უზრდელი!

-არა, როგორ დაარღვია პირობა. უმადური ხალხია, წამო, წამო, ყავა დავლიოთ და მერე მივხედოთ საქმეს…

ასე მხარდამხარ წავიდნენ ყავის დასალევად კოორდინატორები-ამ უბანზე მეორე ტური „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ტარდება…

 

 

კომენტარის დატოვება