სალომე ზურაბიშვილი გიორგი კვინიტაძის ნეშტის გადმოსვენებაზე: ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში

„დღეს ძალიან სიმბოლური დღეა. დიდი ემოციებით ვარ სავსე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის გადმოსვენების შესახებ მედიასთან საუბრისას.

„დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი მთავარსარდალი რუსეთ-საქართველოს ბრძოლის დროს და საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში. ესაა ყველაზე დიდი გამარჯვება იმდროინდელ, რუსეთის მე-11 არმიაზე. ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი დღეს საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს.