მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროა, არსებობს რისკი, ადამიანების გულწრფელი პროტესტი ქვეყნის ბევრმა არაგულშემატკივარმა ძალიან არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს

ხელისუფლებას იმავდროულად მოსასმენიც აქვს ამ ხალხისგან, ამიტომ ალბათ, დიალოგი, საუბარი, მეტი კომუნიკაცია იქნება ამ პროცესების განვითარების სწორი მიმართულება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს რისკი, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ადამიანების გულწრფელი პროტესტი შესაძლოა, ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა გამოიყენონ.

„უმნიშვნელოვანესია, გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია, თვითონ შეარჩიოს ფორმა, თუმცა, ეს უნდა თავსდებოდეს სამართლებრივ მოთხოვნებში და ჩარჩოებში, ყველა შემთხვევაში, ეს არის მთავარი პარადიგმა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს და ყველამ უნდა მიიღოს მხედველობაში.

რაც შეეხება კონკრეტულ მოთხოვნებს, ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში ალბათ დისკუსია იქნება საჭირო ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ხელისუფლებასაც აქვს ბევრი რამ სათქმელი ადამიანებისთვის, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, მიუხედავად იმისა, გულწრფელია ეს პროტესტი, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ არცთუ ისე გულწრფელი შეიძლება, იყოს ეს მოტივები. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას იმავდროულად მოსასმენიც აქვს ამ ხალხისგან, ამიტომ ალბათ, დიალოგი, საუბარი, მეტი კომუნიკაცია იქნება ამ პროცესების განვითარების სწორი მიმართულება. შესაბამისად, ამ რისკებზე სამუშაო გვექნება როგორც ხელისუფლებას, ისე იმ ადამიანებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, არ სურთ, რომ მათი გულწრფელი გულისტკივილი გამოიყენონ არცთუ კარგი მოტივებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.