გია ვოლსკი – ლაქა, რომელიც “ნაცმოძრაობამ” დღემდე მოიტანა, გაუქრობელია და მას სისხლისფერი აქვს, ესაა რეალობა, აქედან გამოსვლის გზა არის ერთადერთი – მონანიება

ლაქა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღემდე მოიტანა, გაუქრობელია და მას აქვს სისხლისფერი, ესაა რეალობა და ამ რეალობიდან გამოსვლის გზა არის ერთადერთი – მონანიება, სასჯელის მიღება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალი იდეით დაბრუნება, თუნდაც, შერიგებაზე საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეროვნულ შერიგებაზე.

მისი თქმით, შერიგება მოგონილი თემაა.

“შერიგების თემას შეგვიძლია ვუწოდოთ და გვაქვს საფუძველი ამის, რომ ვუწოდოთ მოგონილი თემა, ახალი დღის წესრიგი, რომელმაც უნდა გადაფაროს ის რეალობა, რაც შეიქმნა – რევოლუცია ვერ შედგა, სააკაშვილი აღმოჩნდა საკანში. ახლა შერიგების თემა შემოვიდა, თუმცა, ყველამ ვიცით, გეგმა რა იყო, რევოლუციას რა უნდა მოჰყოლოდა და მმართველობის როგორი სისტემა ჰქონდათ ამ ადამიანებს. მისი განცხადება არ შეიძლება მივიღოთ არც სერიოზულად და არც სამოქმედო საკითხად, რომელიც შეიძლება განხილული იყოს.

შერიგებასთან დაკავშირებით არავის არასდროს არ ჰქონია გეგმა, რომ სახელმწიფოში სიმშვიდე ჩამოვარდეს, ყოველთვის იყო ლაპარაკი რევოლუციაზე, დესტაბილიზაციაზე, არეულობაზე, იყო სააკაშვილი უკრაინაში თუ მას შემდეგ რაც ის საქართველოში ჩამოვიდა. ამ რევოლუციურ გეგმას ენერგია გამოეცალა და ეს თემაც ამიტომ იქნა შემოტანილი. ვფიქრობ, მოვა დრო, როცა პოლიტიკოსების ახალი თაობა გამონახავს საერთო ენას, თუნდაც, ნაციონალური მოძრაობის სახელით არსებობდეს პოლიტიკური პარტია, თუმცა, ამაშიც ეჭვი მეპარება, რადგან ის ლაქა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღემდე მოიტანა, გაუქრობელია და მას შავი ფერი არ აქვს, მას აქვს სისხლისფერი, ეს არის რეალობა და ამ რეალობიდან გამოსვლა არის ერთადერთი – სინანული, მონანიება, სასჯელის მიღება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალი იდეით, ახალი თემით დაბრუნება და თუნდაც, შერიგებაზე საუბარი. მე რომ შევურიგდე, შეურიგდება ის ხალხი, ვის კისერზეც გადაიარა ამ რეჟიმმა? ის ხალხის სწორედ, ვინც ხალხს გაძლევს შენ, როგორც პოლიტიკურ პარტიას”, – განაცხადა ვოლსკიმ.