თამარ ხულორდავა: აუცილებელია მეტი სითამამე…

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონფერენციაში სახელწოდებით – „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე: მიღწევები და სამომავლო ქმედებები“, რომელიც ვენის დიპლომატიურ აკადემიაში, ავსტრიის ევროპული ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

სესიას ავსტრიის ევროპული ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში ტომას ბუხსბაუმი უძღვებოდა.

დისკუსია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს ასევე, ევროკავშირის გამოწვევებსა და მომავალს შეეხებოდა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისი წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით კი, საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოვებლად. საჭიროა მან მომდევნო წლების განმავლობაშიც გაამართლოს პარტნიორებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოლოდინები. თუმცა, იმისთვის, რომ მისი წარმატების შეფასება მომავალშიც შევძლოთ, მოგვიწევს ერთად განვსაზღვროთ ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნები. ვფიქრობ, აუცილებელია მეტი გეოპოლიტიკური სიცხადე და მეტი სითამამე ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის აღიარებისადმი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ხიბლი მონაწილე სახელმწიფოების განსხვავებული მისწრაფების, შესაძლებლობების და ძალისხმევის აღიარებასა და წახალისებაშია. ამ განსხვავებულობის გააზრების გარეშე აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას პარტნიორი ქვეყნების ინტერესის შენარჩუნება გაუჭირდება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ დისკუსიისას.

ღონისძიებაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების ოფიციალური სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგნელებმა.​