გიორგი ვაშაძე უმრავლესობა – კომიტეტის სხდომებზე გუშინ ცინდრიკი იყო, თქვენ შეიძლება, კარგად ხართ, მაგრამ ხალხს შია

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო არანაირ ყურადღებას არ აქცევს ადამიანებს, რომლებიც ჭიათურმანგანუმთან დაკავშირებით აქციას მართავენ და პირი აქვთ ამოკერილი. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვაშაძემ კოლეგებს წარუდგინა იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც შიმშილობის აქციას მართავენ.

„ეს ხალხი შველას ითხოვს თავისი ხელისუფლებისგან, მაგრამ ჯერჯერობით არავინ ჩავიდა ამ ხალხთან და არავინ ესაუბრება. გუშინ კიდევ სამმა ქალბატონმა ამოიკერა პირი და მარტივ რაღაცას ითხოვს ეს ხალხი. თავზე ენგრევათ სახლები. სახელმწიფო მართავს კორპორაციას ჭიათურაში – ჭიათურმანგანუმს და არანაირი ყურადღება ამ ადამიანებთან მიმართებაში არ არის. მეგობრებო, ეს არის სწორედ ის ფაქტი, როდესაც თქვენ სრულიად მოშორებული ხართ იმას, თუ რა ხდება ქვეყანაში. ხალხი მშიერია, სახლები თავზე ენგრევა და თქვენთან დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებიან მათ ხარჯზე. დიახ, ასობით მილიონი დოლარის მადანი გადის ყოველწლიურად ჭიათურიდან. მაგრამ ჭიათურა განადგურებულია, ეტყობა, თქვენ იქ არ ჩადიხართ და ამიტომ, სურათები წამოგიღეთ. ისეთი განადგურებულია, გეგონება მეორე მსოფლიო ომი იყო და დაბომბეს ეს ქალაქი. ერთი კაპიკი არ იხარჯება იმისთვის, რომ ელემენტარულად, მოხდეს ამ ტერიტორიების რეკრეაცია.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს მარტო ჭიათურაში კი არ ხდება, იგივე ხდება ბოლნისში, სადაც ასობით მილიონი დოლარის მადანი გადის, ოქრო გადის ქვეყნიდან და არანაირი ყურადღება არ არის იმ დაბინძურებულ მდინარეებზე, რომელიც არის აქ. იგივე ხდება სხვა რაიონებში.

გუშინ ვუყურებდი კომიტეტის სხდომებს, სადაც ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ და რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე იყავით, შეხუმრებულები. რაღაცა ასეთი ცინდრიკი იყო ამ კომიტეტის სხდომებზე. თქვენ შეიძლება, კარგად ხართ, რადგანაც უზრუნველყოფილი ხართ, მაგრამ ხალხს შია, მეგობრებო. ხალხს, იმის გამო, რომ თქვენ არანაირ ყურადღებას არ აქცევთ, ძარცვავენ ყოველდღე“, – განაცხადა ვაშაძემ.