ჰუბერტ ქნირში: ახლა საქართველოს პოლიტიკური პარტიების საქმეა და არა საერთაშორისო პარტნიორების, რომ მოიძებნოს გზა, რათა შეთანხმება კანონად იქცეს

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი პოლიტიკოსები გაერთიანდნენ და მიაღწიონ კონსენსუს, რათა შარლ მიშელის შეთანხმება კანონებად გადაიქცეს, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

ელჩი დარწმუნებულია, საქართველოს პარლამენტი ამას შეძლებს, თუკი პოლიტიკოსები საკითხს „კარგი თანამშრომლობის სულისკვეთებით მიუდგებიან“.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი პოლიტიკოსები გაერთიანდნენ და მიაღწიონ კონსენსუს, რათა შარლ მიშელის შეთანხმება კანონებად გადაიქცეს. ეს არის ამოცანა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ, ამას შეძლებენ, თუკი საკითხს კარგი თანამშრომლობის სულისკვეთებით მიუდგებიან.

არ მსურს, კომენტარი გავაკეთო დღის წესრიგში არსებულ ცალკეულ კანონებზე, სხვადასხვა წინადადებაზე. ვიცით, რა არის მიშელის გეგმაში, ვიცით, რას მოიცავს 19 აპრილის შეთანხმება. ახლა საქართველოს პოლიტიკური პარტიების საქმეა და არა საერთაშორისო პარტნიორების, რომ მოიძებნოს გზა, რათა შეთანხმება კანონად იქცეს“ , – განაცხადა გერმანიის ელჩმა.