„ქართული ოცნების” პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული სინამდვილეში იწყება ბანკომატთან და მთავრდება საჭმლის მონელებით, არანაირი მშვიდობა და ომი მათ არ აინტერესებთ – პაატა მანჯგალაძე

„ქართული ოცნების” პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული სინამდვილეში იწყება ბანკომატთან და მთავრდება საჭმლის მონელებით, არანაირი მშვიდობა და ომი მათ არ აინტერესებთ, აინტერესებთ ბიძინას უსაფრთხოება, მისი მილიონები და ბანკომატიდან მიღებული ყოველთვიური პრემია- დანამატები, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე შვეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილისთვის თანხის გადმორიცხვის დაგვიანებაზე კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კობახიძის გზავნილია, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს ფულს არ მისცემენ, ის გადავა აშკარა ანტიდასავლურ რიტორიკაზე და საქართველო გახდება ანტიდასავლური პლაცდარმი.

„რაც დრო გავა და ვნახავთ, რომ დასავლელი პარტნიორები აშკარად ეხმარებიან უკრაინას და უკრაინა აღწევს წარმატებას, კობახიძის მდგომარეობა თანდათან უფრო დამძიმდება, არ ვგულისხმობ ჯანმრთელობას, პოლიტიკურ მდგომარეობას ვგულისხმობ. კობახიძემ გუშინ გამოგვიცხადა, რომ თურმე ომის ღმერთი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი და თუ მას არ მისცემენ დასავლეთში შეტანილ რამდენიმე მილიონს, დაბრუნდება ხელისუფლებაში და იქნება დიდი საფრთხე ომის. მე მაინტერესებს, ვინ არის ეს პიარ სტრატეგი, ვინც დაგეგმა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე ამ ტონით ვისაუბროთ?! მგონი, ის ალი უზდანოვი ხორბალზე კი არ იყო ჩამოსული, მთავარ პიარ სტრატეგად აიყვანეს, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, ლამის ამერიკას გამოუცხადონ ომი. ეს არის “ქართული ოცნების” მძიმე მდგომარეობა, ისინი განცხადებებს აკეთებენ რუსეთთან თანხვედრაში. მინდა პირდაპირ ვკითხო მათ, ვინ არიან ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილს აძალებენ ომის დაწყებას? ეს განცხადებები იმეორებს იმას, რასაც რუსეთში საუბრობენ და შთაბეჭდილება მრჩება, რომ ცოტაც და თუ ბიძინას ფულს არ მისცემენ, პუტინის მხარდამხარ დაიწყებენ ბრძოლას “დასავლელი იმპერიალისტების” წინააღმდეგ. ამის პირდაპირი გზავნილია, რომ თუ ბიძინას ფულს არ მისცემენ, ის გადავა აშკარა ანტიდასავლურ რიტორიკაზე და საქართველო გახდება ანტიდასავლური პლაცდარმი. სავარაუდოდ, შვეიცარიულ ბანკს აქვს ვარაუდი, რომ ივანიშვილი შეიძლება მოჰყვეს სანქციებში,”- განაცხადა მანჯგალაძემ.