სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს და პოლონეთის ინტერესია, რომ ევროკავშირი შავ ზღვასა და რეგიონში აქტიურად შემოვიდეს ეკონომიკურ პროექტებში, რათა გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს

პოლონეთის პრეზიდენტთან ვისაუბრე სექტორულ ინტეგრაციასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც არის ევროკავშირის ინტერესებში, რომ​ შავ ზღვასა და რეგიონში ეკონომიკურ პროექტებში აქტიურად შემოვიდეს, რათა გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს, ესაა ჩვენი ერთობლივი ინტერესი, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატოს სამიტი იმართება 14 ივნისს, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი დაესწრება. ჩვენი მოთხოვნა გავუზიარე პოლონეთის პრეზიდენტს, რომ ამ სამიტმა და დეკლარაციამ, გაითვალისწინოს საქართველოს და ჩვენი მეგობარი უკრაინის მდგომარეობა და ჩვენთვის იყოს ისეთი გზავნილი, რაც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის ღია კარი, როგორც ახლო წარსულში ეს კარი მაკედონიისთვის გაიხსნა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება პოლონეთისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. „უნდა გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა და ტურიზმი უნდა გახდეს წამყვანი ძალა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.