პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გადასათვლელი საარჩევნო უბნები გამოავლინა

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპის საფუძველზე, გადასათვლელი საარჩევნო უბნები გამოავლინა. ამავე პრინციპით, შეირჩნენ საარჩევნო ბიულეტენების მთვლელები.

კომისიის თავმჯდომარე, გივი მიქანაძის განცხადებით, შერჩეული უბნები საქართველოს 7 რეგიონის სხვადასხვა ქალაქშია განაწილებული და წარმომადგენლობითი კუთხით საკმაოდ მოცულობითია.

გივი მიქანაძის ინფორმაციით, შერჩეული 41 უბნიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 უბანზე დამატებითი გადათვლა უკვე განხორციელდა. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 38 საარჩევნო უბნიდან შერჩევითობის პრინციპით 20 უბანი გამოავლინა, სადაც ბიულეტინები თავიდან გადაითვლება.

20 საარჩევნო უბნიდან 10 თბილისში (საბურთალო 03.03.77; კრწანისი 01.04.17; საბურთალო 03.03.41; ჩუღურეთი 06.07.13; საბურთალო 03.03.41; ნაძალადევი 07.09.98; მთაწმინდა 01.01.12; ვაკე 02.02.41; საბურთალო 03.03.81 20; ნაძალადევი 07.09.66 ), ხოლო 10 უბანი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ქუთაისი 23.59.118 4; ბათუმი 28.79.33 ; მარნეული 13.22.89; მარნეული 13.22.69; ქუთაისი 23.59.85; სამგორი 05.06.92; ბათუმი 28.79.64; ბათუმი 28.79.12; გურჯაანი 09.12.03; ქუთაისი 23.59.98; გურჯაანი 09.12.02 ) მდებარეობს.

შერჩეული საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენებს დროებითი საგამოძიებო კომისია წერილობით დღესვე გამოითხოვს.

ბიულეტენების გადათვლის პროცესის დასრულება კვირის ბოლომდე მოხდება.