„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს მოლაპარაკებისთვის რამდენიმე ძალიან მისაღები პლატფორმა შევთავაზეთ – აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთთან – ნათია თურნავა

„ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ვინც ადგილზე აპროტესტებს ამ მეგა პროექტს, ჩვენ რამდენიმე ძალიან მისაღები პლატფორმა შევთავაზეთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ერთი ესაა ექსპერტთა საბჭო. გახსნილი პლატფორმა იმისთვის, რომ ამ ადამიანების ნდობით აღჭურვილ ექსპერტმა, ვინც ახლა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს ხეობაში, კონკრეტულად გადახედოს ყველა კვლევას და წერილობით დასაბუთებული ინფორმაცია მოგვაწოდოს. ამისთვის არსებობს მორატორიუმი კაშხლის მშენებლობაზე. კაშხლის ძირითადი ნაგებობა არ აშენდება 12 თვის განმავლობაში და ყველა რაციონალური შენიშვნა იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, მეორე პლატფორმაა ევროკავშირის ენერგეტიკული კავშირის მედიაციის საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც პირადადაა ჩართული ჰესის მშენებლობის საკითხში და მალე ესტუმრება საქართველოს.

„მისი ფუნქციაა მედიაცია. ხშირად გვეხმარება ევროკავშირი თავისი სტრუქტურებით და ეს ნორმალური, ცივილური პრაქტიკაა“, – აღნიშნა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ დიალოგისთვის მზადყოფნას ადასტურებს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ მდგომი ადამიანები გულწრფელად აპროტესტებენ ამ პროექტს და აქვთ კითხვები, ჩვენი ქვეყნის პატრიოტები არიან. ჩვენც, მთავრობა, მოწადინებული ვართ, რომ ქვეყანა გაძლიერდეს ენერგეტიკულად და ეკონომიკურად, ჩვენი ადგილობრივი რესურსი იყოს გამოყენებული. მათ შორის ეს პროექტი შესრულდეს კარგად, დაბალანსებულად და ყველას ეკონომიკური ინტერესი იყოს გამოყენებული. რადგან საბოლოოდ ორივე მხარის ინტერესი ერთია – ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთთან“, – აღნიშნა თურნავამ.