ტაქსების რეფორმა დასრულებული არ არის, იქნება შემდეგი ეტაპები – კახა კალაძე

ტაქსების რეფორმა დასრულებული არ არის, იქნება შემდეგი ეტაპები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე საზოგადოება ინფორმაციას წინასწარ მიიღებს.

„ამ მიმართულებით რეფორმა დასრულებული არ არის. იქნება შემდეგი ეტაპები, რაზეც ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებასა და ტაქსის მძღოლებს, რათა ეს სერვისი და მიმართულება, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს იყოს გამართული და მოწესრიგებული, ავტომობილები იყოს სუფთა, რომ ადამიანს სიამოვნებდეს ტაქსით მგზავრობა დედაქალაქში. სწორედ ამიტომ, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს მომავალში“, – განაცხადა კახა კალაძემ.