სალომე სამადაშვილი – „ნაციონალური მოძრაობისთვის” საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ მათი მხრიდან მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი უხეში პოლიტიკურ შეცდომაა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა არასწორია, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„მათ პარლამენტში შემოსვლაზე კატეგორიული პოზიცია ჰქონდათ და ამ პოზიციას გადახედეს. ახლა აქვთ კატეგორიული პოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე. მიმაჩნია, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, რადგან ეს დოკუმენტი გახდება საფუძველი ქვეყანაში გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებების. ქართველი ხალხი ადეკვატურად დააფასებს იმ პოლიტიკური მოთამაშეების გადაწყვეტილებას, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, რა პოზიციას დაიკავებენ. ვფიქრობ, რომ ეს არ დაეხმარება მათ პოზიციონირებას არც საერთაშორისო ასპარეზზე და არც ქვეყნის შიგნით. მიმაჩნია, რომ პარლამენტში სრულფასოვანი მუშაობის უფლება ყველა ოპოზიციონერს უნდა ჰქონდეს, მათთვის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა სწორი არ მგონია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.