ირაკლი კობახიძე: ვიდრე გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება დოკუმენტს, იქამდე „ნაცმოძრაობა“ ვერ ჩაერთვება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, რომელიც მიშელის დოკუმენტის აღსრულებასთან არის დაკავშირებული

შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას არც მატერიალური და არც ფორმალური ფასი არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვიდრე გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება დოკუმენტს, იქამდე „ნაცმოძრაობა“ ვერ ჩაერთვება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, რომელიც მიშელის დოკუმენტის აღსრულებასთან არის დაკავშირებული.

„ბუნებრივია, მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას არავითარი არც მატერიალური, არც ფორმალური ფასი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აბსოლუტურად ადეკვატური შეფასებაა და ლოგიკურია ევროპელი პარტნიორების მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცმოძრაობამ“ უნდა მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს. იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენც. უფრო მეტიც, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ვიდრე ხელი არ მოეწერება გონივრულ ვადაში ამ დოკუმენტს მანამდე, „ნაცმოძრაობა“ ვერ ჩაერთვება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, რომელიც მიშელის დოკუმენტის აღსრულებასთან არის დაკავშირებული. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია. კეთილი ინებონ, მათ მოუწევთ, რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტის ხელმოწერა. ეს არის გონივრული ვადა. თუ როდის ამოიწურება, ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ სათანადო დროს. იმას გავაკეთებთ, რასაც ითვალისწინებს რეგლამენტი. გუშინაც ხაზგასმით აღვნიშნეთ. რეგლამენტს მიღმა, იქ არის სამუშაო ჯგუფების სხვა ფორმატები, ვერც ერთ ასეთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ისინი ვერ ჩაერთვებიან, რაც არის რეგლამენტს მიღმა და რაც გამომდინარეობს მიშელის დოკუმენტიდან. რაც შეეხება რეგლამენტის აღსრულებას, ამაზე პასუხისმგებელია პარლამენტი და ბუნებრივია, რეგლამენტი აღსრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.