უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგიროთი სარგებლობა 50 თეთრი ეღირება, სტუდენტებისთვის კი უფასო იქნება

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 50 თეთრით განისაზღვრება, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, საბაგირო 15 ივნისიდან გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვება.

„უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო 20 აპრილიდან ექსპლუატაციაში შევიდა და თბილისის მოსახლეობას ემსახურება. როგორც ცნობილია, სტუდენტებისთვის მგზავრობა უფასოა და დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 50 თეთრით განისაზღვროს მგზავრობის ღირებულება და ეს საბაგირო 15 ივნისიდან გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც მგზავრობს ავტობუსით, მეტროთი ან მიკროავტობუსით საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ შეძლებს საბაგიროთი სარგებლობას. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურად არსებული საბაგიროთი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კალაძემ.