მამუკა ხაზარაძე – ევროპის საბჭოს დელეგაციას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ სასამართლო სისტემაში არაფერი შეცვლილა, მიშელის დოკუმენტის მიუხედავად, წინსვლა არ არის

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს დელეგაციას დღევანდელ შეხვედრაზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სასამართლო სისტემაში არაფერი შეცვლილა და შარლ მიშელის დოკუმენტის, არსებული ვალდებულების მიუხედავად, ამ მიმართულებით წინსვლა არ არის.

ხაზარაძის თქმით, ამ სახის სასამართლოთი, თუ საარჩევნო სისტემით საქართველო ევროპულ ოჯახს ვერ შეუერთდება.

„ევროპის საბჭოს დელეგაციას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ შარშანდელი მათი ვიზიტიდან დღემდე არაფერი შეცვლილა სასამართლო სისტემაში, კლანი კიდევ არსებობს და არანაირი წინსვლა არ არის იმის მიუხედავად, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი და ვალდებულება არსებობს. ეს საკითხი ყველა ნორმალურ ადამიანს აწუხებს, რადგან თუ არ დავასრულებთ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას, ქვეყანა წინ ვერ წაიწევს, არ შემოვა ინვესტიცია, არ შეიქმნება სამუშაო ადგილები და არ იქნება განცდა, რომ სამართლიანი სასამართლო არსებობს. ისინი, როგორც ჩვენი ერთგული მეგობრები, ძალიან წუხან იმ პროცესების გამო, რაც ქვეყანაში მიდის. თუ სურვილი გვაქვს, რომ ევროპულ ოჯახს შევუერთდეთ, ევროპულ ოჯახს ვერ შევუერთდებით ამ სახის სასამართლოთი, საარჩევნო სისტემით“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.