შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამების ხელშეწყობა, რომელიც შრომის ბაზარს საჭირო კადრებით უზრუნველყოფს

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია აგრძელებს მუშაობას მოქალაქეებსა და მათ დასაქმებაზე ორიენტირებულ პროგრამებზე. კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით კომისიის სამუშაო სხდომაზე, რომელიც დისტანციურად ონლაინ რეჟიმში გაიმართა, კომისიის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმისა და თბილისის მუნიციპალური პროგრამის „ისწავლი და დასაქმდი“ შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრაში მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და სამინისტროს წარმომადგენელი მარიკა ზაქარეიშვილი; ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.

მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს დეტალურად წარუდგინა ინფორმაცია სამინისტროს მიერ შემუშავებული პროფესიული განათლების სტრატეგიის 2017-2021 წწ-ის ფარგლებში გატარებული რეფორმის შედეგებისა და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. თამარ ქიტიაშვილმა ყურადღება გაამახვილა არაფორმალური განათლების ტრენინგ-პროგრამის, ავტორიზებული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მოკლევადიანი პროგრამისა და მომზადება-გადამზადების უფლებამოპოვებული სასერტიფიკატო პროგრამის მიმართულებების მიხედვით ხარისხის უზრუნველყოფაზე. საქალაქო სამსახურის უფროსის ირაკლი გვილავას თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან ამოქმედდა და მისი მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და დასაქმების ხელშეწყობა. ირაკლი გვილავას თქმით, პროგრამაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და მისი ეფექტიანობა დასაქმების 70%-იანი მაჩვენებელია.

GMTV საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ტალიაშვილს დაუკავშირდა:

-რა იყო შეხვედრის ძირითადი მიზანი?

-შეხვედრის მიზანს ცენტრალურ და მუნიციპალურ ხელისუფლებათა იმ ძალისხმევის კონსოლიდირება წარმოადგენდა, რომელსაც ისინი ახორციელებენ პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით. თბილისის მერია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია პროფესიული განათლებისა და დასაქმების საერთო ეროვნულ საქმეში. მისი განმარტებით, სამინისტროსთან ერთად დასახული შემდგომი ნაბიჯები ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა კომპეტენციების ხარისხისა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებას.

-ნამდვილად რთულ ვითარებაში ვიმყოფებით და მაინც, რა დაგანახათ პანდემიამ?

-პანდემიის დრო თვალნათელი გახდა, რომ ფრონტის წინა ხაზზე ექიმებთან ერთად აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომელთა შრომასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სათანადოდ არ ვაფასებთ. პროფესიული განათლების მეტად დაფასება და აღიარება საზოგადოების ვალდებულება და გონივრული საერთო-ეროვნული პრიორიტეტია. დღეს დისტანციურად ჩავატარეთ განათლებისა და კულტურის კომისიის სამუშაო შეხვედრა, რომელიც სწორედ პროფესიული განათლების ხელშეწყობის მექანიზმების გაძლიერებას შეეხებოდა.

შექმნილ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამების შემუშავება, რომელიც შრომის ბაზარს საჭირო კადრებით უზრუნველყოფს” – გვითხრა ტალიაშვილმა.