ეჭვი მეპარება, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებამ რაიმე პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიოს,  ოპოზიციას თუ ჭკუა აქვს, მასთან უნდა ითანამშრომლოს,  ,,ქართული ოცნება“ არის შეუმდგარი პოლიტიკური ძალა – პაატა ზაქარეიშვილი

პოლიტოლოგისა და ექსპერტის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებამ რაიმე პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიოს. ერთადერთი, რაც მან შეიძლება გააკეთოს არის ის, რომ გაემიჯნოს არსებულ პოლიტიკას, რომელსაც წარმოადგენს დღევანდელი ,,ქართული ოცნება“ კობახიძის გუნდის სახით.

მისივე განცხადებით, გახარიას არ ჰყავს ძლიერი ხალხი  გუნდში. პარტიაში არ არიან ცნობილი დიპლომატები და  ჟურნალისტები, ცნობილი სახეები და სხვა პარტიებიდან წასული ხალხი.

ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ექსპერტს ,,ჯიემთივი“ ესაუბრა.

ბატონო პაატა, რა პოლიტიკური ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებამ?

ეჭვი მეპარება რაიმე პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიოს გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებამ. ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ მან შეიძლება გარკვეული ხმები აიღოს ,,ქართული ოცნებიდან“ ანუ, მმართველი პარტიის ხმები წავიდეს მასთან. შეიძლება, მან ,,ლელოს“ წაართვას ხმები იმიტომ, რომ მესამე ძალის დემონსტრირებას ახდენს ან წაართვას ხმები ,,სტრატეგია აღმაშენებელს“. სხვა ცვლილებებში ეჭვი მეპარება. თუ გახარია იმდენ ხმას წაართმევს მმართველ გუნდს,  რომ ის 43% -ს ვერ აიღებს, მაშინ ნამდვილად მოხდება ცვლილებები და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ოპოზიციას თუ ჭკუა აქვს, უნდა ითანამშრომლოს გახარიასთან. მასთან ბრძოლა მხოლოდ შეასუსტებს გახარიას და გააძლიერებს ,,ქართულ ოცნებას“. ამიტომ, მათ მხარი უნდა დაუჭირონ საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსულ ძალას, რომ ამ ძალამ ბევრი ხმები წამოიღოს „ოცნებიდან“.

რა დღის წესრიგზე გადაიყვანს მისი დაბრუნება არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას?

მე მქონდა მოლოდინი, რომ რაღაც ნორმალურს იტყოდა გახარია, მაგრამ ვერაფერი ვერ თქვა. მას ქონდა ძალიან სუსტი გამოსვლა, არც მწვადი დაწვა და არც შამფური, ასე არ გამოვა. გახარიამ უნდა დაარტყას ,,ქართულ ოცნებას“, რომ რაღაცნაირად ხმები წამოიღის იქიდან. თუ ის დაუპირისპირდა მხოლოდ რადიკალურ  ოპოზიციას ,,ნაციონალური მოძრაობის“ ან ,,ევროპული საქართველოს“ სახით, გახარია არ იქნება არაფერი. ამ ოპოზიციურ პარტიებს ისედაც აკრიტიკებს მმართველი პარტია. გახარიამ რაღაც სიახლე უნდა შემოიტანოს.

ერთადერთი ეს შეიძლება იყოს ის, რომ ის გაემიჯნოს არსებულ პოლიტიკას, რომელსაც წარმოადგენს დღევანდელი ,,ქართული ოცნება“ კობახიძის გუნდის სახით. სხვანაირად ის ვერ შეცვლის დღის წესრიგს. გახარიას არ ყავს ძლიერი ხალხი მის გუნდში. ფაქტობრივად, მხოლოდ უსაფრთხოებიდან და შსს-დან წამოყვანილი ხალხი ყავს. გუნდში არ არიან ცნობილი დიპლომატები და  ჟურნალისტები, ცნობილი სახეები, სხვა პარტიებიდან წასული ხალხი. თავისთავად, შეიძლება სასიამოვნო არაა პოლიტიკოსისთვის სხვა პარტიაში გადასვლა, მაგრამ როცა პარტიიდან პარტიაში გადადის, ის ამდიდრებს ამ პოლიტიკურ ძალას, მით უმეტეს თუ ახალი პარტიაა. გახარიას გუნდს არ აქვს არანაირი პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება. უმრავლესობა მათგანი მუშაობდა პოლიციაში, უსაფრთხოებაში და გუბერნიებში. ეს არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ სულ სხვაა, ვიდრე პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება.

გახარია შეიძლება განვიხილოთ თუ არა როგორც ,,ქართული ოცნების“ სათადარიგო გეგმა? გამორიცხავთ თუ არა მის კავშირს მმართველ გუნდთან?

არამგონია. ეს უბრალოდ არის  საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული რღვევის პროცესი, რაც ივანიშვილისთვის მისაღებია. ივანიშვილისთვის მთავარია ვინმემ მას არ დაარტყას, მის ბიზნესს, მისი ოჯახის ინტერესებს. გახარია არ იქნება ასეთი ადამიანი, შესაბამისად ეს არ არის ,,ოცნების პროექტი“, მაგრამ ეს არის არც ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ,,პროექტი“. რაც უფრო მეტი ,,ქართული ოცნებიდან“ წასული ხალხი იქნება ხელისუფლებაში, ეს უფრო მეტად აწყობს ივანიშვილს. შეიძლება მათ ერთმანეთში იბრძოლონ, მაგრამ მთავარია არ ებრძოლოს ივანიშვილს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს იყოს მმართველი პარტიის გეგმა. თუმცა, ფაქტები ცოტაა და მე არ გამოვრიცხავ, რომ აზრი შევიცვალო.

როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო გახარიას, როგორც პოლიტიკოსის ,,ქართული ოცნებიდან“ წამოსვლა და შემდეგ კორუფციაზე და სხვა არსებულ პრობლემებზე საუბარი? როგორც პოლიტიკოსი რამდენად სწორად მოიქცა ის?

გახარიას სხვა გზა არ ჰქონდა. მმართველმა პარტიამ მოახდინა თავისი თავის დისკრედიტაცია. მან ვერ შეასრულა ვერცერთი პირობა, ჩაერთო ოპიზიციასთან ჭიდაობაში. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაზე ეზრუნა და ემუშავა სიღარიბეზე, ლარის კურსზე, დეცენტრალიზაციაზე, ვირუსზე და სხვა უამრავ გამოწვევაზე, მან აირჩია ოპოზიციასთან ბრძოლა. ,,ქართული ოცნება“ არის შეუმდგარი პოლიტიკური ძალა. ის არ ფიქრობს საერთოდ სახელმწიფოზე, ამიტომ რაც უფრო მეტი ადამიანი წამოვა ოცნებიდან, მით უფრო გასაგები იქნება, რომ ეს პარტია, პარტია არაა. აქედან გამომდინარე,  გახარიას წამოსვლა სრულიად ბუნებრივი იყო. სახლში რომ არ წავიდა და პოლიტიკაში დარჩა ეს ნამდვილად კარგია. მაია ცქიტიშვილი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურა, წავიდა სახლში, კვირიკაშვილი სახლში წავიდა. არაერთი ,,ქართული ოცნებიდან“ წამოსული პოლიტიკური ფიგურა მიდის სახლში და ეს არ მიმაჩნია სწორად. როცა რჩებიან პოლიტიკაში და განაგრძობენ ბრძოლას იმ მანკიერი პოლიტიკის წინააღმდეგ, რის გამოც წამოვიდნენ ,,ქართული ოცნებიდან“ ეს მისასალმებელია და სწორია.

რა შანსი აქვს მის პარტიას თვითმმართველობის არჩევნებზე, რამდენად მოიპოვებს ის ხალხის მხარდაჭერას?

მემგონია, გახარია აიღებს 7-8 პროცენტს, მეტს ვერა, მაგრამ ეს შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს  ,,ქართული ოცნებისთვის“, გამომდინარე  43 პროცენტიდან. „ოცნებას“ 43 პროცენტი რომ არ ქონდეს ასაღები, მაშინ გახარია არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მისთვის. მაგრამ ვინაიდან 43 %-ით შემოიზღუდა მათი პირობა, ჩამკეტი პროცენტი და წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ვადამდელი არჩევნები, ეს უკვე დიდი გამოწვევაა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. შესაბამისად, გახარიამ თუ აიღო 7-8 პროცენტი,  ეს შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს  მათთვის. მეტს ვერ აიღებს იგი, ის პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის, მაგრამ მან შეიძლება, ამინდი შეუქმნას მმართველ გუნდს,  თავისი საქმისთვის ვერაფერს გააკეთებს, მაგრამ სხვას გაუფუჭებს საქმეს.

 

გვანცა კვანტალაძე – „ჯიემთივი”