ნიკა მელია – დიახაც, მე გადავდგი პირველი ნაბიჯი ალეკო ელისაშვილთან მიმართებაში, ოპოზიციონერებს გვმართებს, შენარჩუნებული გვქონდეს ადამიანური ურთიერთობები

დიახაც, მე გადავდგი პირველი ნაბიჯი ალეკო ელისაშვილთან მიმართებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ განაცხადა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურ სპექტრში მაქსიმალურად იყოს ურთიერთგაგება. დიახაც, მე გადავდგი პირველი ნაბიჯი მასთან მიმართებაში. არ მერიდება ამის თქმა, რადგან ამ ქვეყნის წარმატებას ვხედავ ერთობაში და ძალთა გაერთიანებაში. არ ნიშნავს, რომ ჩვენ კონკრეტული კანდიდატების გარშემო უნდა ვიყოთ გაერთიანებულები დროდადრო და ამის შემდეგ გვეძლეოდეს ამის თქმის შესაძლებლობა, რომ აი, ხომ ხედავთ, ერთობა არის სახეზე. არა, ვფიქრობ, ოპოზიციონერებს გვმართებს ელემენტარულად ადამიანური ურთიერთობები გვქონდეს შენარჩუნებული, რადგან წარმოვადგენთ ხალხს. ვიღაცა მეტს, ვიღაც ნაკლებს, მაგრამ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ, ჩვენთვის არის ძვირფასი. თუკი სადმე ურთიერთობების ძაფი გაწყდა, ყველაფერს ვცდილობ, ვეცდები ბოლომდე და ვფიქრობ, რომ გამოგვივა ეს ურთიერთობები აღდგეს. ვფიქრობ, სწორი გადადგმული ნაბიჯია“,- განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში შეიძლება, არსებობდეს უთანხმოება, მაგრამ არ უნდა არსებობდეს კონფლიქტი ლიდერებს შორის.

„წყენა პოლიტიკაში დროდადრო იქნება, კონკურენტები ვართ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი მიზანი, რომელიც დასახულია თითოეული პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის. მთელი არსებით დარწმუნებული ვარ, რომ თუ იდეალური ურთიერთობა არა, მინიმალური ხარისხის ურთიერთობა ოპოზიციურ პარტიებს შორის და მათ ლიდერებს შორის უნდა არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული იქნება დაამარცხო რეჟიმი და მეორე, რეჟიმის დამარცხების შემდეგ, რომელიც დროის საკითხია, ქვეყანა დააბრუნო რელსებზე. ჩემი მოვალეობა და ვალდებულებაა, მივედი იმ აზრამდე, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში შეიძლება, არსებობდეს უთანხმოება, მაგრამ არ უნდა არსებობდეს კონფლიქტი ლიდერებს შორის“,- განაცხადა ნიკა მელიამ.