ივანე ჩხაიძე: შემდეგი დღეების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა, ისე გარდაცვლილთა რიცხვი

აქტიური შემთხვევების შემცირება, ლეტალური შემთხვევების შემცირება და ყოველდღიურ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ მე-3 ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა და შემდეგი დღეების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა, ისე გარდაცვლილთა რიცხვი, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ჩვენ ელემენტარულ წესებს დავიცავთ და ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდება, წლევანდელი ზაფხული წინაზე მეტად უსაფრთხო იქნება.

„ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თუ 1-კვირიან ჭრილში განვიხილავთ ეს მდგრადი შემცირებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მე-3 ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა.

მნიშვნელოვანია, რომ 1-კვირიან ჭრილში გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა. მაისის დასაწყისში საშუალოდ 26 შემთხვევა იყო კვირაში, ახლა კი 21 შემთხვევაა. ამ 2 მონაცემიდან და ასევე აქტიური შემთხვევების მონაცემიდან გამომდინარე, რომელიც მნიშვნელოვნადაა შემცირებული და 16 ათასიდან 11 ათასამდე ჩამოვიდა. 3-ვე მაჩვენებელი, აქტიური შემთხვევების შემცირება, ლეტალური შემთხვევების შემცირება და ყოველდღიურ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ მე-3 ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა და შემდეგი დღეების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა, ისე გარდაცვლილთა რიცხვი.

რაც შეეხება პროგნოზებს, თუ ჩვენ გავაგრძელებთ მარტივი წესების დაცვას, რასაც ნიღბის ტარება, დისტანცირება და ხელების ჰიგიენა ჰქვია და ვაქცინაციის დღიურ მაჩვენებელს შევინარჩუნებთ ვფიქრობ ეს ზაფხული 2020 წლისაზე უფრო უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password