“ქვეყანაში მარცვლეულით უზრუნველყოფა შეუფერხებლად მოხდება”

საქართველოში  რუსეთის ფედერაციის მიერ ხორბლის შემოტანის აკრძალვას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ეხმაურება აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მარცვლეულით უზრუნველყოფა შეუფერხებლად მოხდება და რომ ხელისუფლებამ აგრარულ დარგში პასუხისმგებლობა პირველი დღიდან აიღო.

„ ჯერ ერთი, საქართველოში პურის ფასები არის გაკონტროლებული და შენარჩუნებული და მეორე, ხორბლისა და მარაგების არსებობის კითხვის ნიშანი ამ ქვეყანაში არ დასმულა იმიტომ, რომ სამინისტრო ახდენს მონიტორინგს და ატარებს ყველა ღონისძიებას, რაც საჭიროა მინიმალური კრიტიკული მარაგების შესავსებად“,- განმარტავს ლევან დავითაშვილი.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი აგრარულ საკითხებში ოპონენტების განცხადებებს  პოპულისტურს  უწოდებს.

“მათ არ აქვთ ბევრი ინფორმაცია და არ აქვთ მათ შორის პროფესიონალური ცოდნა, რომ სწორად შეაფასონ ვითარება და სწორი დასკვნები გამოიტანონ. ისინი უბრალოდ ცდილობენ ჩვენი მოქალაქეების გაჭირვებით ისარგებლონ და ამ რთულ ვითარებაში მანიპულირებენ ფერმერების გრძნობებით.  ჩვენი პოლიტიკა აგრარულ დარგში პირველივე დღიდან იყო თანმიმდევრული. ეს გულისხმობდა მეტ ყურადღებას სოფლის მოსახლეობისთვის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს  კერძო სექტორზე დახმარების რამდენიმე ასეულმილიონიანი პროგრამები განხორციელდა. ასეთი  მხარდაჭერა კი არასოდეს ყოფილა“, – აცხადებს დავითაშვილი.