[ინტერვიუ] ლარის გამყარება გამოიწვია რეფინანსირების სესხებმა და ლარის მასამ მიმოქცევაში, უნდა ველოდოთ, რომ საწვავზე ფასებიც დაიწყებს შემცირებას, „კომენდანტის საათს” ტურიზმისა და ეკონომიკისთვის აქვს ძალიან დიდი მუხრუჭის ეფექტი – პაატა ბაირახტარი

ბოლო რამდენიმე დღეა ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვანად მყარდება და ეს თემა საზოგადოებაში დღითიდღე პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს. ალბათ, ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ ასევე გაიაფდება ფასები საწვავზე და პროდუქტებზე.

„ჯიემთივი” ესაუბრა ეკონომიკის ექსპერტს, პაატა ბაირახტარს, რომელმაც საკმაოდ ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწონდა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებსა და ლარის გამყარების ტენდენციაზე.

ბატონო პაატა, თქვენი აზრით რამ გამოიწვია ლარის გამყარების ბოლოდროინდელი ტენდენცია, რა არის ამის ძირითადი მიზეზი?

ეს ყველაფერი უკავშირდება რამდენიმე ფაქტორს. დავიწყოთ მაკროეკონომიკური პარამეტრებით. რიგი მაკროეკონომიკური პარამეტრები არის ნამდვილად გაუმჯობესებული. ექსპორტის მიმართულებით, მეორე წელია უკვე გადმორიცხვები იზრდება, ეს ახალი ფაქტი არ არის. გარდა ამისა, რა საკვირველია ძალიან მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ზოგადად ამ პროცესებზე იმ შეზღუდვების შემცირებამ, რომლითაც ჩვენ ვიყავით მსოფლიოს პირველ ათეულში. საუბარია ეკონომიკური შეზღუდვების სიმკაცრეზე. ჩვენ ვიკავებდით ათეულის მეორე ადგილს ,,ოქსფორდის“ კვლევების მიხედვით. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მცირედი ტრავმა პრობლემა ეკომონიკისთვის და ამან გარკვეული ზეგავლენა იქონია კურსზე. თუმცა მთავარი ფაქტორი, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა კურსის გაჯანსაღებაზე არის ის, რაზეც მე აქამდეც მივუთითებდი-ხოლმე, ეს არის რეფინანსირების სესხები და ლარის მასა მიმოქცევაში.

ჩვენ თუ შევხედავთ, ამ პერიოდში, როდესაც ლარმა გამყარება დაიწყო, დაახლოებით, სამჯერ არის შემცირებული ყოველკვირეული რეფინანსირების სესხების მოცულობა. კერძოდ, სამ მილიარდზე მეტი იყო გაცემული და დღეს ის ჩამოსულია 980 მილიონამდე. რა საკვირველია, ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი კურსის გაჯანსაღების მიმართულებით. ამის შესახებ, მე არაერთხელ მივუთითებდი მონეტარულ ხელისუფლებას.  მხოლოდ ახლა რატომ გაითვალისწინეს ეს ჩემთვის გაუგებარია,  თუმცა ფაქტია, რომ ამან კარგად იმუშავა ურთიერთგაჯანსაღების მიმართულებით და სხვანაირად ვერც იქნებოდა.

როგორ ფიქრობთ გაგრძელდება თუ არა ლარის გამყარების ტენდენცია უახლოეს მომავალში თუ უნდა ველოდოთ საპირისპირო ცვლილებებს?

ეს დამოკიდებული იქნება რიგ ფაქტორებზე. პირველ რიგში იმ ფაქტორზე, რომელიც მე ბოლოს ვახსენე – ეს არის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა. თუ ჩვენ მეორე დღეს ისევ გავზრდით რეფინანსირების სესხების მოცულობას, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს უკუეფექტს.  ეს პერიოდი როდესაც ლარი მყარდებოდა    ეროვნული ბანკი დოლარს ბანკიდან იღებდა-ხოლმე იმისათვის, რომ რეზერვები შეევსო. მეეჭვება, მაგრამ  თუ ეროვნული ბანკი ამ ნაბიჯს გადადგამს, რა თქმა უნდა, ესეც შეაჩერებს ლარის გამყარებას. ასევე, მნიშვნელოვნად იქნება ეს დაკავშირებული საშუალოვადიან პერსპექტივაში და არა გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკის შემდგომი აღდგენის პროცესზე და იმაზე, თუ რა ტემპებით გაგრძელდება ეკონომიკის აღდგენა.

ეკონომიკის აღდგენა მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული, ტურიზმის აღდგენაზე. საქართველოში გვაქვს სრულიად გაუაზრებელი ე.წ კომენდანტის საათი, რომელსაც ვერანაირი ლოგიკა ვერ მოუძებნა არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოს ძალიან ბევრმა მოქალაქემ. „კომენდანტის საათს” ტურიზმისთვის აქვს ძალიან დიდი მუხრუჭის ეფექტი. მსგავსი ფაქტების გათვალისწინებით არ შეგვიძლია სრული ოპტიმიზმი გავიზიაროთ ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს კავშირში იქნება კურსთან. მაგრამ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ თუ გაგრძელდება სწორი მონეტარული პოლიტიკა ეროვნული ბანკის მხრიდან და ამას ხელს შეუწყობს ასევე, ფინანსთა სამინისტრო უფრო მაღალი დისციპლინით, შესაძლებელია, მოხდეს კურსის გამყარების სტაბილიზაცია. ლარი იმაზე მეტად იყო გაუფასურებული, ვიდრე ამას ის პარამეტრები განაპირობებდა, რომელიც გვქონდა და დღემდე გვაქვს. აქედან გამომდინარე,  ძნელია იმაზე საუბრი თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კურსის გამყარების ტენდენცია.

რა პოზიტიურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ ეკონომიკაში, ლარის კურსის გამყარება იმოქმედებს თუ არა საწვავისა და პროდუქტების ფასზე უახლოეს მომავალში?

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საწვავის ფასის ფორმირებისას, ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი არის ეროვნული ვალუტა, რა საკვირველია ეროვნული ვალუტის ასეთ სწრაფ გამყარებას უნდა ქონდეს ეფექტი საწვავის ფასების შემცირებაზე. არის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამის პარალელურად მსოფლიოში ნავთობის ფასი იზრდება, ეს მართლაც ასეა, მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ ტემპებსა და ვადებს, თუ რა ფორმით და რა სისწრაფით იზრდება ნავთობის ფასი და ამავე პერიოდში შევხედავთ თუ რა სისწრაფით მყარდება ლარი, რა საკვირველია ლარის ეფექტი მნიშვნელოვანად გადაწონის ამ პროცესს. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ რომ საწვავზე ფასებიც დაიწყებს შემცირებას თუ კურსის გაჯანსაღების ეფექტი გაგრძელდა.

რამდენად ეთანხმებით ნათია თურნავას სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ უახლოეს ისტორიაში მსგავსი მაღალი ნახტომისებური ეკონომიკური ზრდა არ დაფიქსირებულა საქართველოში? რამდენად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს განსაკუთრებული მიღწევაა საქართველოსთვის?

მე ზოგადად ნათია თურნავას განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებ. ის არის კომიკური ადამიანი ჩემი გადმოსახედიდან. რაც შეეხება არსებულ მონაცემებს, ერთი უნდა გავითვალისწინოთ საბაზრო ეფექტი, თუ საიდან დაიწყო ათვლა , ეს იყო -17 პროცენტიანი ეკონომიკურ ვარდნას შედარებული ეფექტი  და რა საკვირველია, არავისთვის არ იყო უცხო, რომ  იქნებოდა ამ საბაზრო ეფექტიდან გამომდინარე ორნიშნა ზრდა მიმდინარე წელს. ამის მიუხედავად, 44 %-იანი ზრდა არის საეჭვო. რა თქმა უნდა, კარგია ეკონომიკის გაჯანსაღება, სხვანაირად ვერც იქნებოდა. ელემენტარულად, ჩვენ მივეცით ეკონომიკას და ბიზნესს მუშაობის უფლება, რასაც ვკრძალავდით წინა წელს. აქედან გამომდინარე, უნდა ყოფილიყო ზრდა საკმაოდ მასშტაბური, თუმცა გულწრფელად გეუბნებით, როგორც ეკონომისტი, რომ ძალიან საეჭვო მგონია 44%-იანი ნახტომი. ასეთი რიცხვი იბადება მაგალითად იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა გამოდის საომარი მდგომარეობიდან და იწყებს ეკონომიკურ აქტივობას. ჩვენს პირობებში, ასეთი რიცხვი ჩემთვის პირადად არის გაურკვეველი. იმის გათვალისწინებითაც, რომ საბაზრო ეფექტიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო ორნიშნა ზრდა, 44%-იანი აღმასვლა ცდება ყოველგვარ  ლოგიკურ ჩარჩოს.