ექსპერტი პაატა ბაირახტარი – ჩემი გადმოსახედიდან ნათია თურნავა არის კომიკური ადამიანი, ეკონომიკის 44%-იანი ზრდა არის საეჭვო და  ცდება ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოს 

ეკონომიკის ექსპერტი, პაატა ბაირახტარი ,,ჯიემთივისთან“  საუბრისას აცხადებს, რომ ნათია თურნავას განცხადება, რომლის მიხედვითაც ბოლო დროს, საქართველოს უახლოეს ისტორიაში მსგავსი მაღალი, 44% იანი ნახტომისებური ეკონომიკური ზრდა არ დაფიქსირებულა, ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოს ცდება.

მისივე თქმით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდების მოხსნის და ბიზნესის ამუშავების შემდეგ მოსალოდნელი იყო ეკონომიკური ზრდა, თუმცა აღმასვლის პროცენტული მაჩვენებელი, რასაც სახელმწიფო გვთავაზობს, მისთვის არის საეჭვო.

,,მე ზოგადად ნათია თურნავას განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებ. ის არის კომიკური ადამიანი ჩემი გადმოსახედიდან. რაც შეეხება არსებულ მონაცემებს, ერთი უნდა გავითვალისწინოთ საბაზრო ეფექტი, თუ საიდან დაიწყო ათვლა , ეს იყო -17 პროცენტიანი ეკონომიკურ ვარდნას შედარებული ეფექტი და რა საკვირველია, არავისთვის არ იყო უცხო, რომ იქნებოდა ამ საბაზრო ეფექტიდან გამომდინარე ორნიშნა ზრდა მიმდინარე წელს. ამის მიუხედავად, 44 %იანი ზრდა არის საეჭვო. რა თქმა უნდა, კარგია ეკონომიკის გაჯანსაღება, სხვანაირად ვერც იქნებოდა. ელემენტარულად, ჩვენ მივეცით ეკონომიკას და ბიზნესს მუშაობის უფლება, რასაც ვკრძალავდით წინა წელს. აქედან გამომდინარე, უნდა ყოფილიყო ზრდა საკმაოდ მასშტაბური, თუმცა გულწრფელად გეუბნებით, როგორც ეკონომისტი, რომ ძალიან საეჭვო მგონია 44%იანი ნახტომი. ასეთი რიცხვი იბადება მაგალითად იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა გამოდის საომარი მდგომარეობიდან და იწყებს ეკონომიკურ აქტივობას. ჩვენს პირობებში, ასეთი რიცხვი ჩემთვის პირადად არის გაურკვეველი. იმის გათვალისწინებითაც, რომ საბაზრო ეფექტიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო ორნიშნა ზრდა, 44%იანი აღმასვლა ცდება ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოს,“ – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ კომენდანტის საათს ტურიზმისთვის აქვს ძალიან დიდი მუხრუჭის ეფექტი. ტურიზმი კი პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის გაჯანსაღებასთან.

,,ეკონომიკის აღდგენა მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული, ტურიზმის აღდგენაზე. საქართველოში გვაქვს სრულიად გაუაზრებელი კომენდანტის საათი, რომელსაც ვერანაირი ლოგიკა ვერ მოუძებნა არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოს ძალიან ბევრმა მოქალაქემ. კომენდანტის საათს ტურიზმისთვის აქვს ძალიან დიდი მუხრუჭის ეფექტი. მსგავსი ფაქტების გათვალისწინებით არ შეგვიძლია სრული ოპტიმიზმი გავიზიაროთ ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს კი რა თქმა უნდა, კავშირში იქნება კურსთან,“ – აცხადებს პაატა ბაირახტარი „ჯიემთივისთან”