კახა კალაძე – თბილისში დღეს არ ხორციელდება არც ერთი პროექტი, არ გაიცემა არც ერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუ გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული და არ შეესაბამება მოსახლეობის ინტერესებს

შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, დღეს დედაქალაქში აღარ ხორციელდება არც ერთი ინფრასტუქტურული პროექტი, არ გაიცემა არც ერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული და სრულად არ შეესაბამება დედაქალაქისა და თბილისის მცხოვრებთა ინტერესებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეიქმნა თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზონები და ამ მიმართულებით ეფექტიანი კონტროლი ხორციელდება. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ საზოგადობრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა ეკოლოგიურად სუფთა ავტოპარკით, რაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ჯერ კიდევ 2017 წლს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, თბილისელებს მივეცი პირობა, რომ ჩვენ არ გავცემდით არც ერთ ნებართვას და არც მოხდებოდა ისეთ ადგილებში მშენებლობების განხორციელება, სადაც იყო რეკრეაციული სივრცეები, სტადიონები, სპორტული კომპლექსები. ჩვენ ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
განვლილი წლების მანძილზე შემუშავდა ნარჩენების მართვის გეგმა და სტრატეგია, რის შედეგად დედაქალაქში ბევრად მარტივი გახდა ნარჩენების გატანა და გადამუშავება, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, საითაც მივდივარ და აქაც გვინდა გადმოვიტანოთ ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების გადამუშავება და მივიღოთ ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ამ მიმართულებით ვმუშაობთ“,- აღნიშნავს კალაძე.