სალომე სამადაშვილი – პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილებით „ნაცმოძრაობა“ პატივს სცემს საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს, მაგრამ ამავე დროს გაუგებარია, მათი გადაწყვეტილება დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის შესახებ

„კარგია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლის შესახებ, თუმცა მიმაჩნია, რომ მათი მხრიდან ასევე სწორი იქნება შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერა”,  – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში სწორედ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე შევიდა.

„ოპოზიციამ გადაწყვეტილება პარლამენტში საქმიანობის შესახებ მიიღო სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე. ამიტომ ჩემთვის პოლიტიკურ ლოგიკასაა მოკლებული, რომ გააგრძელო პარლამენტში საქმიანობა და უარი თქვა ხელმოწერაზე მაშინ, როდესაც შეთანხმება მიაჩნიათ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამოცანად ჩვენს მოკავშირეებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ძალების ძალისხმევა მიმართული იყოს მიშელის გეგმის შესრულებისკენ. პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილებით ისინი პატივს სცემენ საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს, მაგრამ ამავე დროს გაუგებარია, მათი გადაწყვეტილება დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის შესახებ”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.