ჯარისკაცების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების ბრალდებით დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.

წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლევან გელოვანმა არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები, დიმიტრი დევდარიანი და გიორგი ბიჩინაშვილი პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების შესამსუბუქებლად ახალი გარემოებები არ იკვეთება.

„სასამართლომ იხელმძღვანელა საპროცესო კოდექსით და ადგილზე თათბირით დაადგინა, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება დარჩეს ძალაში. ის საფრთხეები, რაც იყო, კვლავ არსებობს, დღევანდელი მოცულობით ბრალდებაც გაიზარდა, დამძიმდა მათი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, უდანაშაულობის პრეზუმციით განვიხილავთ ამ ყველაფერს, თუმცა ვიტყვი, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მსჯელობს არის თუ არა რაიმე ახალი გარემოება, ასეთი რამ სახეზე არ გვაქვს, სასამართლო თვლის, რომ ის გარემოებები, რაზეც დაცვის მხარე უთითებს, არ არის არსებითად ახალი გარემოებები. ამ ეტაპზე პატიმრობა დარჩა ძალაში“, – განაცხადა მოსამართლე ლევან გელოვანმა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები სამხედრო წვევამდელებს აიძულებდნენ, რომ სპეციალური მძიმე ეკიპირებით ათეულობით საათის განმავლობაში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტები დაელაგებინათ. საუბარია ექვს ეპიზოდზე, რა დროსაც სამხედროებს მძიმე ეკიპირებით უწევდათ, ბრძანების საფუძველზე, დაჩოქილებს 10-11 საათი ეხეხათ საპირფარეშოები, იატაკი. ამას კი აკეთებდნენ იძულებით. დაზარალებულად ცნობილია ოთხი სამხედრო წვევამდელი.