გვინდა, რომ ეს არაადამიანური პროცენტი სესხებზე იყოს ადამიანური პენსიონერებისთვის, რომლებისთვისაც თითოეულ თეთრს და თითოეულ ლარს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა – ალეკო ელისაშვილი

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან იყო შეხვედრა, მაქვს მოლოდინი, რომ ამ შეხვედრის შედეგად პენსიონერები შეიტყობენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შექმნილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფი და ისინი მხოლოდ განცხადებებისთვის არ ლაპარაკობენ ამ თემაზე.

„მინდა პენსიონერებს ანგარიში ჩავაბარო, იმიტომ რომ ყველამ იცის, რომ ჩვენ ვართ შეჭიდებული ამ საკითხს. გვინდა, რომ ეს არაადამიანური პროცენტი სესხებზე იყოს ადამიანური პენსიონერებისთვის, რომლებისთვისაც თითოეულ თეთრს და თითოეულ ლარს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პარლამენტში შექმნილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ერთი მხრივ ირკალი ზარქუაა ჩართული, ხოლო მეორე მხრივ მე და ლევან იოსელიანი ვმონაწილეობთ. მინდა პენსიონერებს მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენ უბრალოდ განცხადებებისთვის არ ვლაპარაკობთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან იყო შეხვედრა, მისი ორგანიზებით. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სამუშაო ჯგუფის წევრები, იყვნენ ფინანსთა სამინისტროს და ჯანდაცვის წარმომადგენელები, ლიბერთი ბანკის ხელმძღვანელობა. ეს თემა გაჩერებული არ არის, ეს თემა არის დაძრული. არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მაგრამ მაქვს ობიექტური და გონივრული მოლოდინი, რომ ამ პროცესის და განსაკუთრებით, ამ შეხვედრის შედეგად პენსიონერები შეიტყობენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო ინფორმაციას“, -განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ალექსანდრე ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე.