დიდხანს აპირებს პარლამენტი მხოლოდ ტაში უკრას ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, ნაცვლად იმისა, რომ სერიოზულ გადაცდომებსა და ჩავარდნებზე მოკითხოს პასუხი?! – ანა ნაცვლიშვილი

დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი კოვიდ-19 ინფექციის დღევანდელ სტატისტიკას გამოეხმაურა. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ ხდება კოვიდ-19 თემა საქართველოს პარლამენტში.

ნაცვლიშვილის თქმით, პარლამენტი გაკეთებულ საქმეებზე საუბრობს ნაცვლად იმისა, რომ დაიბაროს ჯანდაცვის მინისტრი და კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ სერიოზულ შეცდომებზე, გადაცდომებზე და სისტემურ ჩავარდნებზე ანგარიში მოსთხოვოს.

„გვყავს ჯანდაცვის არასათანადო სერვისებით დაავადებული და დაღუპული ადამიანები. დიდხანს აპირებს კიდევ პარლამენტი არ შეიმჩნიოს, რომ საგანგაშოდ მოწინავე გვაქვს სიკვდილიანობის სტატისტიკა, რომელიც განსაკუთრებით დამძიმდა ბოლო კვირების განმავლობაში? დიდხანს აპირებს პარლამენტი მხოლოდ ტაში უკრას ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს?“- კითხვით მიმართა სახელისუფლებო გუნდს ანა ნაცვლიშვილმა. „არ ვიცი, რატომ ვერ ხდება ეს წამყვანი თემა საქართველოს პარლამენტში მაშინ, როცა სხვა ქვეყნების პარლამენტებში არ ჩამოდის დღის წესრიგიდან. არ გავჩერდები მანამ, სანამ ყოველ კონკრეტულ ნაბიჯთან არ გვექნება შესაბამისი ინფორმაცია. უამრავი კონკრეტული პასუხგაუცემელი კითხვაა , რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი აქ, ამ დარბაზში პასუხებს უნდა სცემდეს“, -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.