ამ ქვეყანაში უფრო მეტი ოჯახია ვისაც ბავშვის აყვანა და აღზრდა უნდა ვიდრე ბავშვი, სახელმწიფო შუაში დგას და ნებისმიერ საჯაროობას და შუამავლობას ამ სფეროში დანაშაულად აცხადებს – ვახტანგ მეგრელიშვილი

ყველას ექნება თავისი წილი ბრალიცა და რაღაც დამსახურებაც, რომელიც უსამართლოდ არის იგნორირებული – ასე გამოეხმაურა მოძრაობა „გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი პლენარულ სხდომაზე ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, შეიძლება დამნაშავეა სპირიდონი, შეიძლება დამნაშავეა ის მშობლები, ვინც იქ მიაბარა ბავშვები, სახელმწიფო ან სახალხო დამცველი, მაგრამ მათი ბრალეულობა იგნორირებულია.

„ვინ არის დამნაშავე? შეიძლება დამნაშავეა სპირიდონი, შეიძლება დამნაშავეა ის მშობლები, ვინც იქ მიაბარა ბავშვები, შეიძლება სახელმწიფო ან სახალხო დამცველი, ყველას ექნება თავისი წილი ბრალიცა და რაღაც დამსახურებაც, რომელიც უსამართლოდ არის იგნორირებული. მაგრამ დისკუსია მგონი ბერვად უფრო ღრმაა, ვიდრე დამნაშავის ძებნა. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ადამიანებს ვუყურებთ ჯგუფებად – ბავშვებად, ქალებად და აქედან ვიქმნით წარმოდგენას მათზე, ამ პრობლემას იდენტობის პოლიტიკა ქვია და ძალიან დიდი პრობლემაა დასავლეთის სამყაროსთვის.
იდენტობის პოლიტიკა ნიშნავს ადამიანების დაჯგუფებას სხვადასხვა ჯგუფებად იმისთვის, რომ მერე სახელმწიფომ მათი უფლებები გამოიგონოს და შექმნას ბიუროკრატია, რომელიც ამ ჯგუფებს მათი უფლებების შესაბამისი საჩუქრების დარიგებაში დაეხმარება. თითქოს სოციალური მდგომარეობა ანუ გაჭირვება, იყოს რაიმე უფლების წარმოშობის პირობა.
წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო ბავშვთა უფლებების კოდექსი, ამ კოდექსის წინააღმდეგი არავინ იყო საპატრიარქოს გარდა. იქ წერია, რომ აკრძალულია ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ყოფნა ინტერნეტსალონში ან კაფეში საღამოს. ამ ქვეყანაში უფრო მეტი ოჯახია ვისაც ბავშვის აყვანა და აღზრდა უნდა ვიდრე ბავშვები. სახელმწიფო შუაში დგას და ნებისმიერ საჯაროობას და შუამავლობას ამ სფეროში დანაშაულად აცხადებს. სახელმწიფოს გამო ერთმანეთს ვერ ხედავენ ისინი, ვისაც დახმარება ჭირდება და ვისაც აქვს დახმარების სურვილი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.